სოფიო ქაცარავა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ტაკან ილდემთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როსარია პუგლისი.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ჰიბრიდულ საფრთხეებს და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობასა და როლზე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ამ კუთხით, სოფიო ქაცარავამ ტაკან ილდემს სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საუბარი ასევე შეეხო 24 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმს, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება.
„ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურად გამოყენება. სწორედ ეს იყო დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთ მთავარი საკითხი. ნატო-ს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დიდი გამოცდილება და შესაძლებლობები გააჩნიათ ამ მიმართულებით და ჩვენს ამოცანას წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. შევთანხმდით, რომ მომავალში გავაძლიერებთ თანამშრომლობას სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.