“საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია ყველა დემოკრატიული ინდექსით გათვალისწინებულ შრეებში” – დავით მათიკაშვილი
“ამ რეიტინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ შტურმი, რომელსაც გლობალური “დიფ სთეითი” ძირითადად ევრობიუროკრატების ხელით აწარმოებს, შეთითხნილია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა დემოკრატიის აღქმის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.
“საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია ყველა დემოკრატიული ინდექსით გათვალისწინებულ შრეებში, ეს კიდევ ერთ მკაფიო პასუხს იძლევა იმ ყველა აქტორისთვის, რომელიც, საბოლოო ჯამში, ტყუილებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შევსებას. პასუხი არის ცალსახა და ნათელი – საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიდის წინ, ამ რეიტინგით, ქვეყანა იკავებს წამყვან პოზიციებს ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მიმართ შტურმი, რომელსაც გლობალური “დიფ სთეითი” ძირითადად ევრობიუროკრატების ხელით აწარმოებს, შეთითხნილია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
დემოკრატიის აღქმის გლობალური ინდექსით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზეა. 2025 წლის ანგარიში საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა “დემოკრატიების ალიანსმა” გამოაქვეყნა.