დავით უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი „მეტი>შეგვიძლია“, იქნება

პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის კამპანიის ლოგო საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩახატული ქართული ანბანი იქნება.
უსუფაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მეთაურის მთავარი საზრუნავია ამ ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოებრიობის თანაბარი გავრცელება, განმტკიცება და გაძლიერება.
„ჩვენს სამშობლოს ჩვენმა სახელმწიფომ უნდა უპატრონოს. მრავალპარტიული სხვადასხვაობა საერთო-სახელმწიფოებრივმა ერთიანობამ უნდა დააბალანსოს“,- აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი „მეტი>შეგვიძლია“ იქნება.
„გარეშე მტრებისა და პერსონალურ ქიშპობაში გართული შიდა პოლიტიკური ძალების გავლენით, სულ უფრო ბევრ მოქალაქეს იპყრობს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანას მეტი არ შეუძლია და ამ ქვეყანაში მას მეტი აღარ შეუძლია – ამიტომ ბევრი ან ტოვებს ქვეყანას, ან რჩება ქვეყანაში, მაგრამ სრულად ემიჯნება საჯარო ცხოვრებას, ანუ საკუთარ სახელმწიფოს. ეს ტენდენცია ქართულ სახელმწიფოს თვითლიკვიდაციისკენ მიაქანებს.
უსუფაშვილისთვის „მეტი>შეგვიძლია“ ნიშნავს: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის და თვითრწმენის აღდგენას და განმტკიცებას; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, 1918-21 წლების დემოკრატიული საქართველოს და 1980-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთების აღორძინებას; საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საზოგადოების დემოკრატიულ მოდერნიზაციას და ევროპულ ცივილიზაციაში სრულფასოვან დაბრუნებას.
საჭიროა, დავიბრუნოთ აღმაშენებლის, ექვთიმეს, ანწუხელიძის დარი რწმენა, რომ შეგვიძლია და მაშინ ყველაფერს შევძლებთ. ინდივიდუალური, ეროვნული და სახელმწიფოებრივი წარმატება მოაქვს „მუდმივად მეტი შესაძლებლობების“ დოქტრინას, ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ, რაციონალურ, დაგეგმილ შენებას (და არა „გულხელდაკრეფილ ოცნებურ დგომას“ ან „გაუაზრებელ ნაციონალურ ხტომას“…).
პრეზიდენტი გვჭირდება, რადგან საქართველოს სჭირდება სახელმწიფოს შემკვრელი, საზოგადოების მომწესრიგებელი, ქვეყნის დამლაგებელი საქმე, რაც სწორედ აღმასრულებელი ვალდებულებებისგან და პოლიტიკური პაექრობის აუცილებლობისგან გამოთავისუფლებული სახელმწიფოს მეთაურის საკეთებელი საქმეა“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები