გია ვოლსკი: თანამედროვე ტექნიკის პირობებში, პროპაგანდის აკრძალვის რესურსი არ მგონია, არსებობდეს
“მე არ მინდა, რაც მთავარია, ისე წარმოვადგინოთ ჩვენი თავი, საზოგადოება და მთავრობა, თითქოს რამდენიმე ჟურნალისტის ჩამოსვლამ რუსული პროპაგანდის საფრთხის წინაშე დაგვაყენა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის ინიციატივას, რუსული პროპაგანდის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, პროპაგანდის წინააღმდეგ ამგვარი ბრძოლა რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.
„თანამედროვე ტექნიკის პირობებში, პროპაგანდის აკრძალვის რესურსი არა მგონია, რომ არსებობდეს. მე არ მინდა, რაც მთავარია, ისე წარმოვადგინოთ ჩვენი თავი, საზოგადოება და მთავრობა, თითქოს რამდენიმე ჟურნალისტის ჩამოსვლამ რუსული პროპაგანდის საფრთხის წინაშე დაგვაყენა და ტვინების გამორეცხვის საფრთხის წინაშე დააყენა საზოგადოება, რომელმაც დამარხა 200 სამხედრო და ამდენივე სამოქალაქო პირი. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ახალ ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც თავს დაგვატყდა. პროპაგანდის წინააღმდეგ ასეთი ბრძოლა, როდესაც არსებობს ტექნიკის ყველანაირი საშუალება, რომ ინფორმაციამ შემოაღწიოს, მხოლოდ რუსების წისქვილზე დაასხამს წყალს, ვინაიდან შექმნის გარემოებას და იმ წარმოდგენას, თითქოს ჩვენთან არსებობს ამ პროპაგანდის გავლენის საშიშროება. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. „აკრძალული ხილის“ სინდრომს ნუ გავაჩენთ საქართველოში და მეორეც, არ არის საქართველოში ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და თუ არის, ესაა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ნიშას ეძებს და მას პოლიტიკურად უნდა ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.