“დღეს საგამოძიებო კომისიას წარვუდგენთ დასკვნას, რომელიც არის ობიექტური და დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან”

„ჩვენ დღეს საგამოძიებო კომისიას წარვუდგენთ დასკვნას, რომელიც არის ობიექტური და დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან“, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„მმართველმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, გამოიჩინა მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ყველა ინსტანცია ამოწურული, ამ საქმეზე შექმნილია საგამოძიებო კომისია. მომდევნო პასუხისმგებლიანი ნაბიჯი მმართველი გუნდის მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ კომისიის მართვა გადავეცით საპარლამენტო უმცირესობას, რათა ეს პროცესი დაცლილიყო მაქსიმალურად რაიმე სახის მიკერძოებისგან და მივეცით შანსი საპარლამენტო ოპოზიციას, რომ ყოფილიყვნენ ობიექტურნი.
ჩვენი საზოგადოება ადევნებდა თვალს თუ როგორ მიმდინარეობდა ამ კომისიის მუშაობა, რამდენად გამჭვირვალედ. ჩვენ ყოველთვის გვქონდა სურვილი და ყოველთვის გვიწევდა შეხსენება იმის, რომ საგამოძიებო კომისიას უნდა წარემართა თავისი საქმიანობა ობიექტურად და ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან მოვუწოდებდით, რომ არ ეჩქარათ რეკომენდაციების გაცემა და ასე შემდეგ, თუმცა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, არ იყო თანხვედრა”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, დასკვნა, რომელიც მმართველმა გუნდმა მოამზადა, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილია.
,,რა ვითარება გვაქვს დღეს და რა გამოავლინა საგამოძიებო კომისიამ? მინდა გითხრათ, რომ წარმოვადგინეთ დასკვნა, რომელსაც წარვუდგენთ დღეს კომისიას. ეს არის ობიექტური დასკვნა, დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან. განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, რომელიც წარმოადგინა ევროპულმა საქართველომ, რომელიც გაჯერებულია ვიწრო პოლიტიკური, პარტიული ინტერესებით. ეს არის მცდელობა პოლიტიკური რევანშის, რომლის შესაძლებლობასაც ჩვენ არ მივცემთ არავის, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა დავდოთ ობიექტური ჭეშმარიტება საქმეზე და დავადგინოთ კონკრეტული ფაქტები.
ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა გამოძიების წარმართვის პროცესში ხარვეზებს. რომ ამ ხარვეზებმა გავლენა იქონია მტკიცებულებათა ხარისხზე. ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემას დაზარალებულ ოჯახებთან და საზოგადოებასთან, შესაბამისი ორგანოების მხრიდან. დავადგინეთ და ვადგენთ, რომ საჭიროა რეკომენდაციების გაცემა ამ მიმართულებით. საჭიროა სისტემის რეფორმირება, რომ ჩვენ გვქონდეს ეფექტური საგამოძიებო სისტემა. ჩვენ დავადგინეთ კონკრეტული რეკომენდაციებით კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ის, რომ აუცილებელია, ცალკეულ პირებთან მიმართებაში, საგამოძიებო ორგანო დაინტერესდეს მათ როლთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანო, რისი სურვილიც აქვს ოპოზიციას და ჩვენ ვერ ვიქნებით სადამსჯელო ორგანო. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ობიექტურები და ობიექტურ დასკვნას წარმოვადგენთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები