მიხეილ ბატიაშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე: დაველოდებით საგამოძიებო კომისიის დასკვნებს და ამის შემდეგ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს

“მას რამდენჯერმე სურდა ამის გაკეთება, რადგან გრძნობდა მორალურ პასუხიმგებლობას, ამ სამწუხარო მოვლენებთან დაკავშირებით და მისი სურვილი იყო განცხადების დაწერა”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველი ექსპერიმენტული სკოლის უკვე ყოფილ დირექტორთან, ხათუნა ბარაბაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხათუნა ბარაბაძე ძალიან მნიშვნელოვანი კადრია განათლების სისტემისთვის.
„იმდენად კვალიფიციური კადრია, მოხარული ვარ, რომ მასწავლებლის სახლში ჩვენთან გააგრძელებს მუშაობას”, – განაცხდა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, რაც შეეხება 51-ე სკოლის დირექტორს, მანანა თურქაძეს, ეს თავისთავად, უკვე დამოკიდებულია გარკვეულ დასკვნებზე ან თვითონ ადამიანის გადაწყვეტილებაზე.
„ჩვენ დაველოდებით, პირველ რიგში, გამოძიებისა და კომისიის მუშაობის დასრულებას. სამინისტრო ამის მიხედვით მიიღებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილებას. გამოძიების პირველი დღიდან, როგორც საგამოძიებო ორგანოებთან, ასევე, კომისიასთან სამინისტრო აქტიურად მუშაობს, აწვდის მათი მხრიდან მოთხოვნილ შესაბამის მასალებს ოპერატიულად, ამიტომ, დაველოდებით დასკვნებს და ამის შემდეგ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. ბარაბაძე ადასტურებს, რომ მისი გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.
ბარაბაძემ სამეურვეო საბჭოს გათავისუფლების თაობაზე თხოვნით 22 აგვისტოს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები