აშშ-მა იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეზღუდვები უწესდება, სირიაც შეიყვანა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიაც იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ, რაც, თავის მხრივ, სირიის ხელისუფლების მიმართ ფინანსური შეზღუდვების ამოქმედებას გულისხმობს. მსგავსი შეზღუდვები მიმდინარე წელს ნაურუს, ხოლო 2017 წელს ვენესუელასა და ნიკარაგუას მიმართაც დაწესდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2017 და 2018 ფისკალური წლების აშშ-ის ასიგნებების აქტებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერის შესაბამისად, აშშ-ის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომლის შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ხსენებული აქტებით, გამოყოფილი ნებისმიერი სახის დაფინანსება არ შეიძლება რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად გამოიყენოს.
“მსგავსი ჩანაწერების გაკეთება აშშ-ის საკანონმდებლო აქტებში და მისი პრაქტიკული განხორციელება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის მკაფიო გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობისადმი, რომ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტალური ნორმის დაცვა, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელია და მას პატივი უნდა სცეს ყველამ”,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები