შსს-მ ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრი – გიორგი ჭელიძე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრი, 1986 წელს დაბადებული გ.ჭ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. ფაშისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჭელიძეა. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში, მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები