სოფელ ცედანში გაჩენილი ხანძრის ქრობაში მონაწილე მეხანძრე-მაშველები ფულად დანამატს მიიღებენ

ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც ხაშურის სოფელ ცედანში, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა, ფულად დანამატს მიიღებს – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა მეხანძრეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს არის სტანდარტი, რომელსაც სამსახურის შექმნის დღიდან ვნერგავთ. ყველა მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად იმუშავებს ასეთ რთულ პირობებში, ყოველთვის იქნება დაფასებული სამსახურის მხრიდან“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს.

„მადლობა თავდადებული შრომისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოთ იმაზე დაფასებულები ვიდრე ხართ დღეს, გქონდეთ თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა. ამაზე მუშაობა 2018 წლის 1 იანვრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველ, ხელშესახებ შედეგებს სექტემბრიდან იხილავთ” – აღნიშნა შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა

სოფელ ცედანში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები და სახანძრო ტექნიკა მიმდებარე ტერიტორიას ამ წუთებში ტოვებენ. პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები