დევნილთა მისაღები ცენტრი გაიხსნა – პირველი მოწმობა გურამ ოდიშარიას გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ დევნილთა ახალი მისაღები ცენტრი გახსნა. ცენტრის მიზანია დევნილებს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება “ერთი ფანჯრის პრინციპით” შესთავაზოს. მინისტრის განცხადებით, მისაღები ცენტრი ყოველდღიურად დაახლოებით 400, ხოლო თვის განმავლობაში საშუალოდ 4 000 დევნილს მოემსახურება.
“დღეს ჩვენ გავხსენით დევნილთა მისაღები ცენტრი. ის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და “ერთი ფანჯრის” პრინციპით მოემსახურება დევნილებს. ცენტრი დღეში დაახლოებით 400 დევნილს მოემსახურება და მათ 11 სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს – აქ მათ ყველა მომსახურების მიღება შეუძლიათ, რაც არის დევნილთა სამინისტროს მოვალეობებში”, – განაცხადა დავით დარახველიძემ.
ცენტრის გახსნას მინისტრთა კაბინეტის წევრები – თეა წულუკიანი, გურამ ოდიშარია, დავით სერგეენკო და პაატა ზაქარეიშვილი ესწრებოდნენ. მინისტრებმა დევნილებს ცემტრის გახსნა მიულოცეს. წულუკიანმა აღნიშნა, რომ დევნილებს ისეთი კარგი პატრონი, როგორიც დავით დარახველიძეა, ჯერ არ ჰყოლია.
“მინდა მივულოცო დევნილებს ამ ცენტრის გასხნა. ის არის ადამიანის ღირსების შესაბამისი და იმ პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული, რომელზეც დავით დარახველიძე მის გუნდთან ერთად ყოველ დღე მუშაობს. ესაა ის პირობები, რომელიც თითოეულ დევნილს ეკადრება, იმისთვის რომ არ იაროს სამინისტროდან სამინისტროში და ერთ ადგილზე მოაგვაროს ადმინისტრაციული პრობლემები. ვულოცავ დევნილებს ამ ცენტრის გახსნას და კიდევ ერთხელ ვუსურვებ, რომ თითოეული დევნილის მოწმობა, რომელიც აქ გაიცემა, ყოფილიყოს დროებითი”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირებს ცენტრში ყოველდღიურად 13 ადამიანი მოემსახურება. 7 თანამშრომელი დევნილთა საკითხების, ხოლო 4 ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წარმოადგენს. დევნილთათვის ბინების დაკანონების პროცედურის გამარტივებისთვის, მისაღებ ცენტრში საჯარო რეესტრისა და “ლიბერთი ბანკის” თითო წარმომადგენელიც იმუშავებს. მომსახურების პროცესის გამარტივებისთვის დევნილთა მისაღებ ცენტრში დამონტაჟებულია რიგითობის აპარატიც. მისაღები ცენტრის ძირითადი ამოცანებია დევნილთათვის ინფორმაციის მიღების პროცესის გამარტივება, ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა, ცნობისა და დევნილის მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა, განცხადებებისა და დეკლარაციების მიღება და დარეგისტრირება, ასეე მონაცემთა განხილვისა და ანალიზის მიზნით შესაბამისი ფორმების წარმოება.
აღსანიშნავია, რომ ცენტრში დევნილის პირველი მოწმობა დღეს სიმბოლურად კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას დაუმზადეს. მას შესაბამისი მომსახურება უშუალოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ გაუწია.