საპარტნიორო ფონდში სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან
საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. როგორც “კვირას“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, მემორანდუმის თანახმად, საპარტნიორო ფონდი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტთა პროფესიულ მომზადებას და დაინტერესებულ სტუდენტებს ფონდში პრაქტიკის გავლის საშუალებას მისცემს.
„როგორც ქვეყანას, ასევე ფონდს, სჭირდება ნიჭიერი და მაღალკვალიფიციური კადრები და ასეთი სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალი თაობის აღზრდას. მემორანდუმის ფარგლებში, ფონდი ინიცირებას გაუკეთებს ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობას, მათ შორის სხვადასხვა სახის კვლევითი და სამეცნიერო პროექტების ერთობლივ განხორციელებას“, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.
სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვაა.