ბრალდებულს, რომელმაც მამაკაცს სახეში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი დანით მოკლა, 13 წელი მიესაჯა

სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული ო.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ: 2017 წლის 23 ოქტომბერს, ო.კ.-ს და მ.მ.-ს ჯერ მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს, ხოლო შემდგომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდათ, რა დროსაც ო.კ.-მ შურისძიების მოტივით მ.მ.-ს სახის არეში ჩაქუჩი დაარტყა. კონფლიქტით განაწყენებულმა ო.კ.-მ შურისძიების მოტივით მ.მ.-ს მკვლელობა განიზრახა და იმავე დღეს, ღამის საათებში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, განზრახ მოკვლის მიზნით დანით მ.მ.-ს რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად მ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ო.კ. 2017 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ო.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები