ახმეტის ზემო ხალაწანის კვირიას ციხე-სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხალაწანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების კვირიას ციხე-სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 24 ივლისის ბრძანებით მიიღო.
ციხე-სახლი შედგებოდა მართკუთხა ნაგებობისა და მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩართული კოშკისგან. ნაგებობიდან მხოლოდ 1 მ-დე კედლების ნაშთებია შემორჩენილი. კოშკი კვადრატულია. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. გარედან მობათქაშებული იყო. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 მეტრში შემორჩენილია ქვით ნაგები საწნახელი.
კოშკიდან შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული, ისიც ფრაგმენტულად. ნაგებობიდან მხოლოდ ცალკეული კედლები 1 მეტრის სიმაღლეზე. მთლიანადაა ეკალ-ბარდებით დაფარული. აუცილებელია ძეგლის გაწმენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები