ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება, რომლის დასრულებაც 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სააგენტოს დაკვეთით წარმართული სამუშაოების მე-2 ეტაპმა ნოქალაქევის ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტი მოიცვა, რაც გვირაბის, რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეებისა და უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგებასა და სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა.
სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფის ხალისხმევით დასრულდა ორმოც მოწამეთა ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პირველი ეტაპი. დასრულევულია ტაძრის ავთენტური ფორმის ახალი კრამიტით გადახურვის პროცესიც, რომლის იერსახის დადგენაც არქეულოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ახალი ეტაპი ნაქალაქარის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგებას მოიცავს. მოეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები. დასრულდება ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირებაც.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც ექსპოზიციის სახით ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება. ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება.
ნოქალაქევის არქეოლოგიურ კომპლექსზე მიმდინარე და დასრულებული სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების პროცესი მთავრობის ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიას და საქართველოს პარლამენტის წევრ ოთარ დანელიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გააცნო.

 2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი 4 წლის განმავლობაში 14 მილიონ ლარს გაიღებს.

 ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მასზე განტავსებული იყო ერისთავ ქუჯის რეზიდენცია. IV-VIII საუკუნეებში კი ნოქალაქევი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს”, ,,არქეოპოლისს” წარმოადგენდა. ეგრისის სამეფო რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით. სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა” გუმბათიანი ტაძარი (VI ს.).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები