სალომე ზურაბიშვილი: ქართულ დიასპორებს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ

„ქართულ დიასპორებს საქართველოს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშში, საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, დიასპორებთან დაკავშირებით, რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას დიასპორის სახლები, სადაც უცხოეთიდან დაბრუნებულ თანამემამულეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციას გაუწევენ.

„მიღებულია ცვლილებები, როგორც კონსტიტუციაში, ასევე, კანონში, რომლის გათვალისწინებითაც, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული აღარ არის და უცხოეთში მყოფი თანამემამულეები შეძლებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნონ. ეს პირველი ნაბიჯია, რომ სამშობლოსა და თანამემამულეებს შორის უხილავი კავშირი დაკარგული არ იყოს. ახლა რეალურ ზომებზე უნდა გადავიდეთ, რომ დიასპორა ამ ქვეყნის ნაწილი გახდეს. ერთი ასეთი იდეა დიასპორის სახლია. ქვეყანა დაბრუნების ტალღისთვის მზად არ არის და ამას პროპაგანდას არ უნდა ვუწევდეთ, მაგრამ ვისაც ამის სურვილი და მზადყოფნა აქვს, მათთვის დიასპორის სახლი უნდა არსებობდეს, როგორც იუსტიციის სახლი გვაქვს სხვადასხვა ადგილას, სადაც ადამიანი ჩამოვა და ყველაფერს გაიგებს იმის შესახებ, როგორ იქნება მისი დაბრუნების სხვადასხვა ეტაპი. ეს იქნება დასაქმების ტრენინგები, ასევე, მიიღებს ინფორმაციას, სად შეიძლება ბინების დაქირავება, როგორ შეიძლება რეგიონში დაბრუნება და ასე შემდეგ. ფინანსური კრედიტებით უნდა შევუწყოთ ხელი მათ, ვინც ნიუ-იორკიდან რეგიონში დაბრუნდება. მზად უნდა ვიყოთ, რომ მათ აქტიურად დავეხმაროთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ის ახალგაზრდები დაბრუნდნენ და დაწინაურდნენ, რომელთა სწავლაც სახელმწიფომ დააფინანსა.

„აქ უცხოეთში განათლებამიღებულ ადამიანებს დიდად არ ელოდებიან, მათ მიმართ შიში თუ ეჭვია, რომ აქტიურ ცხოვრებაში მთლიანად არ შემოვიყვანოთ, მაშინ, როცა ჩვენი თუ პარტნიორების თანხები გადახდილია, რათა მათი სწავლა დაეფინანსებინათ. ასეთები უნდა დაბრუნდნენ და ქვეყანას უნდა გამოადგნენ, ამისთვის მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ. ხშირად საჯარო სამსახურიდან მიდიან, ისინი უნდა დააბრუნონ და დააწინაურონ, რადგან ჩვენი ფინანსები ამისთვის იქნება დახარჯული.

ამასთან, პოლიტიკურად დიასპორის ჩართულობა უნდა გაიზარდოს. დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რომელიც არჩეული მხოლოდ ემიგრანტების ხმებით იქნება. ის ერთი თუ ორი დეპუტატი მათი ინტერესების დამცველი, რეალური ხმა იქნება და ეს ის გამოცდილებაა, რაც იტალიასა და საბერძნეთს აქვთ“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები