“საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის როლი გადამწყვეტია და ეს უსუფაშვილს ყველაზე კარგად უნდა მოეხსენებოდეს”

„როდესაც ინსტიტუციებზე ვსაუბრობთ, აქ არ არის ლაპარაკი პარლამენტის თავმჯდომარეზე, პრეზიდენტზე. საპარლამენტო რესპუბლიკაში კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტი არის წამყვანი ორგანო, რომელიც არა მხოლოდ ახორციელებს, არამედ აფორმირებს კიდეც მთავრობას”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის როლი გადამწყვეტია და ეს ყველაზე კარგად დავით უსუფაშვილს უნდა ესმოდეს.
„ეს არის პარლამენტის ფუნქცია და ამდენად, პარლამენტი არის მთავარი ორგანო. შესაბამისად, პარლამენტის თავჯდომარე, თავის გუნდთან ერთად, არის წამყვანი პირი, წამყვანი ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და უძღვება. შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარის და ზოგადად, პარლამენტის როლი არის გადამწყვეტი და ეს დავით უსუფაშვილს ყველაზე კარგად უნდა მოეხსენებოდეს, იმიტომ, რომ ის იყო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში. თუმცა იმ დროს, როდესაც დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ბევრი ხარვეზი იყო დარჩენილი კონსტიტუციაში და ეს ხარვეზები იყო სწორედ ის, რომ ქვეყანა, რომელიც გადაეწყო საპარლამენტო მოდელზე, ბოლომდე არ იყო ეს ჩამოყალიბებული, ჰიბრიდული კონსტიტუცია იყო და სამწუხაროდ, დავით უსუფაშვილმა ვერ შეძლო და ვერ მოახერხა 4 წლის განმავლობაში, რომ ეს ცვლილებები შესულიყო კონსტიტუციაში, რაც ძალიან მოკლე ვადაში მოახერხა ახალმა პარლამენტმა, მოახერხა პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, შემუშავდა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრავს საპარლამენტო ქვეყნის წყობას და რომელმაც დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან.
„ეს გაკეთდა და დღეს საქართველო არის სრულად საპარლამენტო რესპუბლიკა. ცხადია, ამ მოდელშიც პრეზიდენტს აქვს თავისი როლი, ეს არის უაღრესად პატივსაცემი თანამდებობა, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის წარმომადგენლობითი ფუნქციების მქონე პრეზიდენტი და პრეზიდენტი, როგორც წესი, საპარლამენტო რესპუბლიკებში განსაკუთრებულ ფუნქციას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანაში იქმნება კრიზისი, სხვა მხრივ, პრეზიდენტები ნაკლებად ჩანან პოლიტიკურ ასპარეზზე. ამის მაგალითია გერმანია, იტალია, ჩეხეთი. ჩვენ სუპერსაპრეზიდენტო ქვეყნების რიცხვში ვიყავით და სამწუხაროდ, ჩვენს მოქმედ პრეზიდენტს ის ამბიცია გამოჰყვა, რაც იმ ინსტიტუტს ახასიათებდა. ყველაფერი თავის ადგილზე დგება, როდესაც თანამდებობის მქონე პირი ჯდება იმ ჩარჩოში, რასაც მას კონსტიტუცია მიუთითებს“, – აცხადებს სოზარ სუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები