კახა კალაძე: ჩვენი წარმომადგენელი რომ დაგვეყენებინა საპრეზიდენტო კანდიდატად, პოლიტიკური მოვლენები უფრო გახურდებოდა

„ჩვენი წარმომადგენელი რომ დაგვეყენებინა საპრეზიდენტო კანდიდატად, პოლიტიკური მოვლენები უფრო გახურდებოდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
დედაქალაქის მერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და უმთავრესია აღმასრულებელი ხელისუფლება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი არ წარმოადგინა, სწორი გადაწყვეტილება იყო.
„ესეც იყო ერთ-ერთი არგუმენტი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ინსტიტუტის არსებობას ჩვენ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გახდა, საკმაოდ ძლიერი ინსტიტუტი იყო, ყველანაირი შინაარსით და თვალსაზრისით. თუნდაც გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილიც კი ეცადა ამ ინსტიტუტის გაძლიერებას სხვადასხვა ატრიბუტებით, თუნდაც ავლაბრის რეზიდენციაში შესვლით, თუმცა დღევანდელი ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა არის, რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და შესაბამისად, კონსტიტუციას უნდა ვცეთ პატივი. მთავარი არის პარლამენტი, ცენტრალური ხელისუფლება. პრეზიდენტი არის წარმომადგენლობითი, შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, ესეც იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომ არ გვინდოდა ჩვენი კანდიდატის დაყენება. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად უფრო გახურდებოდა სიტუაცია და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით შეიძლებოდა წასულიყო, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები