გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო

0

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, უმრავლესობის დახურულ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.
„არ დაგიმალავთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის სხდომაზე იყო საუბარი. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ იყო მოსაზრებები. ერთ მთავარ მოსაზრებაზე შევჯერდით, რომ „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს თავის კანდიდატს, ერთი მთავარი მიზეზის გამო. შეიძლება ხვალ და ზეგ სხვა მიზეზებზეც ვისაუბროთ. მთავარი მიზეზი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ხელისუფლების თითქმის ყველა სადავე უპყრია: საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ადგილობრივი ხელისუფლება, ქალაქის მერია, თბილისის ცალკე უნდა გამოვყო. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები ჩვენი საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ არ იყოს ეს საზოგადოება ჩაკეტილი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ფორმატში“, – განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში გია ვოლსკიმ.
შეკითხვაზე, რატომ არ ჩქარობს მმართველი გუნდი იმის თქმას, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.
„ამასთან დაკავშირებით, ყველა ერთიანი არ ყოფილა. სხვადასხვა მიზეზით არის ჩვენი თავშეკავება განპირობებული, რომ რომელიმე კანდიდატს დღესვე, თუნდაც სალომე ზურაბიშვილს, დავუჭიროთ მხარი. ამ თემაზე ლაპარაკი იქნება, ხვალ და ზეგ, იმედია. ალბათ, კიდევ კონსულტაციები გვმართებს პარტიაში. უმრავლესობამ გარკვეული დავალება მისცა პოლიტსაბჭოს, რომ ამ თემაზე კიდევ სიღრმისეულად იმსჯელოს და არ მინდა, ისეთი წარმოდგენა შეიქმნას, რომ ფორმალურ ნაწილზეა საუბარი. მთლიანად გვინდა შევისწავლოთ ქვეყანაში ვითარება, რა პროცესები მიდის. მეც და სხვებსაც საინტერესო პოზიცია გვაქვს, განსხვავებული შეხედულებები ამ თემასთან დაკავშირებით არსებობდა. შეხვედრაზე მოვილაპარაკეთ და რამდენიმე დღეში, ალბათ, დამატებით არგუმენტებსაც გეტყვით, აზრთა სხვადასხვაობის მთავარ პრინციპებზეც ვისაუბრებთ და უფრო საინტერესო იქნება, როცა საერთო პოზიციით გამოვალთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი