სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), გენერალური ასამბლეის რიგით 66-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე – სოსო გიორგაძე WIPO-ს გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა.
საქსტატის ინფორმაციით, შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა და საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე – ნინო ჩიქოვანი.
შეხვედრაზე სოსო გიორგაძემ დარენ ტანგს, „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის შეერთების სიგელი გადასცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით .
აღსანიშნავია, რომ აქტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 18 მარტს დაუჭირა მხარი, რის შედეგადაც ქართული უნიკალური პროდუქტების დაცვის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცვა ჟენევის აქტის ხელშემკვრელი 23 სახელმწიფო და 2 მთავრობათაშორისი ორგანიზაცია – ევროკავშირი და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქპატენტისა და WIPO-ს ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ, სწორედ WIPO-ს დიდი მხარდაჭერით (საქპატენტს, WIPO-სა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე), საქართველოში დაინერგა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“. შემოდგომით სტუდენტთა პირველ ნაკადს მიიღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლებას გაუძღვებიან WIPO-ის აკადემიის აქტიური ჩართულობით შერჩეული, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მიუერთდა, ასევე, მარაკეშის ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, საქპატენტის ვებგვერდი ადაპტირდა და დღეს სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
WIPO-ს გენერალურ დირექტორს საქპატენტის ხელმძღვანელმა აცნობა, რომ აქტიურად გრძელდება რეფორმა პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის გასაძლიერებლად. საგულისხმოა ისიც, რომ ქალაქ ქუთაისში, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურ ჰაბში მიმდინარეობს საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრის მოწყობა, რომელიც სტრატეგიულ როლს შეასრულებს საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში. სასწავლო ცენტრი გააერთიანებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა ფუნქციას და აღჭურვილი იქნება თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის WIPO-ს აკადემიასთან თანამშრომლობის მასშტაბებს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ გასულ წელს განახლებული ფორმატით ჩატარდა გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საქპატენტისა და WIPO-ს ერთობლივი საერთაშორისო სპეციალიზაციის კურსი. სოსო გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ გამორჩეული იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის (WIPO Academy) IPTI (ეროვნული IP ტრენინგ ინსტიტუტების) ინიციატივით ჩატარებული ტრენერთა გადამზადების სამეტაპიანი ინტენსიური პროგრამა, რომელსაც უძღვებოდნენ WIPO-ის აკადემიის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.
შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა ხაზი გაუსვეს გრძელვადიან ინიციატივებსა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.