მძღოლს, რომელსაც გომბორზე ავარია შეემთხვა, სადაც 4 პირი გარდაიცვალა 8-წელი მიესაჯა

0

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევაში, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 11:20 საათზე, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, ბ.კ.-მ, რომელიც „დოჯი სპრინტერის“ მარკის ავტომობილს მართავდა და ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის მოსწავლეები და მათი ახლობლები გადაჰყავდა, სოფელ თეთრწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის დროს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, მოსახვევში გადაჭარბებული სიჩქარის გამო, შესვლისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადავიდა გზიდან, შეეჯახა გზის დამცავ ჯებირს და ჯერ მცირე ზომის კლდეზე, შემდეგ კი საავტომობილო გზაზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ოთხი მგზავრი, ხოლო თერთმეტმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცველებმა ბ.კ. 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ ავტომობილს მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, მძიმე დაზიანება და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი