“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატზე ვერ თანხმდება – ვის დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი უნდა წარადგინოს, რათა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის შემთხვევაში, არ მოუწიოს პასუხისგება ამა თუ იმ კანდიდატის განცხადებებზე.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ეს გუნდში დაბნეულობას გამოიწვევს და არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი კანდიდატის გამარჯვების რისკს გააჩენს.
„მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის სხდომაზე განხილულ იქნა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებული საკითხები, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა იზიარებს პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, რომ გუნდმა მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს და საკუთარი კანდიდატით არ წარდგეს არჩევნებზე, გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. დეპუტატების ჯგუფი, რომელთა შორის მეც გახლავართ, უპირატესობას ანიჭებს იმ ვარიანტს, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატით წარდგეს“, – აცხადებს ხუნდაძე.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, პარტიის ლიდერის არგუმენტები გასათვალისწინებელი, საფუძვლიანი და რეალობასთან ძალიან ახლოს იყო, მათ შორის ის, რომ მმართველი გუნდის მხრიდან საკუთარ კანდიდატის არ დასახელება დემოკრატიის ხარისხის მანიშნებელია.
„ერთ-ერთი არგუმენტი ასევე, იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავის არჩევითობის პრინციპით უნდა მოხდეს და მისი ლეგიტიმაცია სცდება თვითონ საპრეზიდენტო ინსტიტუტის უფლებამოსილებას და მის ძალაუფლებას“- განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი არგუმენტები აქვს იმ ჯგუფსაც, რომელიც „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად ჩართვას უჭერს მხარს.
„ვფიქრობთ, არჩევნებში საკუთარი კანდიდატის არწარდგენა და იმ ფორმით მონაწილეობა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, იქნება ფორმალური ხასიათის და ამის ახსნა რთული იქნება როგორც ამომრჩევლისთვის, ისე ჩვენი გუნდის წევრებისათვის და შესაძლებელია, ამან გარკვეული დაბნეულობაც გამოიწვიოს. თუკი „ქართული ოცნება“ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს, მაშინ ამ კანდიდატის ქმედებები საპრეზიდენტო სავარძელში ყოფნისას, იქნება ასოცირებული „ქართულ ოცნებასთან“ და მის ქმედებებზე ისევ მმართველ გუნდს მოუწევს ხშირად პასუხის გაცემა. ამის მაგალითები უკვე არსებობს, როდესც ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი, თუ ვის დაუჭერს მმართველი გუნდი მხარს. ამიტომ ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი კანდიდატით ჩაერთოს არჩევნებში. ეს იქნება უფრო ღია, უფრო გასაგები და არ გამოიწვევს არასწორი პროცესების წარმართვას, რის შედეგადაც, შესაძლოა, მივიღოთ „ოპოზიციონერი“ პრეზიდენტი, რომელიც სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დააფიქსირა თუ არა უმრავლესობის სხდომაზე საკუთარი პოზიცია დეპუტატების იმ ჯგუფმა, რომელიც უპირატესობას “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს ანიჭებს, ხუნდაძე აცხადებს, რომ გუნდში საწინააღმდეგო აზრს პატივს სცემენ.
„საუბრის საშუალება გუნდში ყოველთვის არის. ამას არავინ კრძალავს, საწინააღმდეგო აზრსაც პატივს სცემენ, მაგრამ რადგან გუნდში ჯერ კიდევ რჩება დეპუტატების გარკვეული ჯგუფი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი გუნდით მონაწილეობას, ვფიქრობ, ასეთ აზრს სჭირდება არგუმენტებით გაბათილება და იმ პოზიციის გამყარება, რომ მმართველმა გუნდმა რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ეს პროცესი არის ბოლომდე მისაყვანი“, – განაცხადა ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძე არ ასახელებს იმ დეპუტატების ვინაობას, რომლებიც მხარს უჭერენ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატით მონაწილეობას, თუმცა აცხადებს, რომ ბოლო პროცესებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, მათი რიცხვი არცთუ ისე მცირეა.
„არ გამოვრიცხავ, თუ საჭიროება შეიქმნა, კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი, მაგრამ პირველი, ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი არგუმენტები კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ, უფრო მეტად ინფორმატიული იყოს ეს არგუმენტები და არა თითოეული წინადადებით გაჟღერებული, ჩავერთოთ მსჯელობაში მათთან, ვინც არ მიიჩნევს დღეს გამართლებულად, რომ გუნდი წარდგეს საკუთარი კანდიდატით და ამ სამუშაო პროცესის შემდეგ, თუკი გახდა საჭირო კენჭისყრაზე საკითხის გამოატანა, რა თქმა უნდა, არც ამაზე ვიტყვით უარს“, – აცხადებს ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები