დიკლოს, კიდევ 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ციხე-სოფელ დიკლოს და ასევე, 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ეს სტატუსი ძეგლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის 10 ივლისის ბრძანებით მიიღო.
ციხე-სოფელი ძველი დიკლო (ამჟამად მიტოვებულია) სოფ. დიკლოს აღმოსავლეთითაა, სოფლიდან ორიოდე კილომეტრის მანძილზე. სამანქანო გზა სოფ. დილკოსთან წყდება. აქედან კი ნასოფლარისაკენ საცალფეხო ბილიკი მიემართება. საკუთრივ ნასოფლარი მაღალი, კლდოვანი მთის ერთ-ერთ განშტოებაზეა განლაგებული. სტრატეგიულად მეტად მოსახერხებელ ადგილას. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხრიდან მას დიდი, ფრიალო კლდეები ესაზღვრება და სრულიად მიუდგომელია. დასავლეთით და ნაწილობრივ სამხრეთითაც, რელიეფი „წყნარია“. ერთადერთი ბილიკი ნასოფლარს სწორედ ამ მხრიდან, დასავლეთიდან ადგება.
გეგმარებითი თვალსაზრისით, ნაგებობები მაღალი კლდეების თავზე საკმაოდ მოხერხებულად, კომპაქტურადაა განლაგებული და ერთ მთლიან, საფორტიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას ქმნის. იგი ამ ისტორიული მხარის ჩრდილოეთი საზღვრის დამცველ ავანპოსტს წარმოადგენს.
ციხე-სოფელი გაშენებულია საკმაოდ რთული რელიეფის მქონე სამ ტერასაზე. რომელთაგანაც ქვედა, ძირითადად, სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა. ზედა ორ ტერასაზე კი რომლებიც ერთმანეთს ვიწრო ქუჩით უკავშირდებიან, მთლიანად საცხოვრებელი ნაგებობით იყო განაშენიანებული. შენობები ერთმანეთის მიჯრით დგას, მათი გარეთა კედლები საბრძოლო ზღუდეს ქმნის. ტერასის შუა, ყველაზე მაღალ ადგილას, კლდის წვერზე, ოთხკუთხა კოშკია აღმართული (შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე), რომელიც მთელი კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს. დანარჩენი ნაგებობების კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი, ზოგისგან – მხოლოდ კვალი იკითხება. ნაგებობები, ძირითადად, სამსართულიანია. ქვედა ტერასის ყველაზე მაღალ ადგილას აგებულია ოთხკუთხა კოშკი, რომლის გვერდით იყო ყორით შემოფარგლული ეზო, როგორც ჩანს, იგი მსხვილფეხა რქოსანი საქონლის სადგომს წარმოადგენდა.
ციხე-სოფლის მეოთხე, ქვედა ტერასაზე, დაბლა, ჯგუფად, რამდენიმე ნაგებობაა განლაგებული.