მამუკა ბახტაძე: მომავალ თაობას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ ვაჟკაცების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახს ესტუმრა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თაობა ერთიან და ღირსეულ საქართველოში იცხოვრებს.

“ღირსეული მშობლები ზრდიან ღირსეულ შვილებს და მოქალაქეებს. თქვენ გმირი ხართ, გმირების გაზრდისთვის. გიორგის და გელას სიცოცხლე შეეწირა სამშობლოს და მათმა შვილებმა უნდა იცხოვრონ ამაყად თავაწეულებმა, ღირსეულ ქვეყანაში. ეს ვალდებულება ჩვენს მხრებზეა. ჩვენ სწორედ ეს გვამოძრავებს. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა იცხოვრებს ერთიან და ღირსეულ საქართველოში. ჩვენ ჭეშმარიტად ვითხოვთ იმას, რაც ობიექტურად გვეკუთვნის. მჯერა, ისტორია ყველაფერს სამართლიანად დაალაგებს. ჩვენს მრავალეთნიკურ ერს ბევრი განსაცდელი გამოუვლია და გავუძელით. მთავარია, მომავალ თაობას ჰქონდეს განცდა, რომ ამ ვაჟკაცების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა. ჩემთვის მთავარია, ეს სულისკვეთება იყოს ერში. ამ სულისკვეთების გარეშე, წარმატება არ მოდის. ჩვენი ახალგაზრდები სწორედ გიორგის და გელას მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლების თაობამ შვილებს გადასცეს ის ფასეულობები, რაც ქართულ ხასიათსა და ჩვენს ტრადიციებში გამოიხატება”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი რომელაშვილების ოჯახში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან და მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი და კაპრალი გელა რომელაშვილი, რომლებიც გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდნენ, სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის 1-ელი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები