საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის, ლიეტუვას და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ 10 წლის წინ, რუსული აგრესიის დროს, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების პროცესსა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში გამოიჩინეს.
პრეზიდენტმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმ სპეციალური კომუნიკეს მნიშვნელობასაც, რომელიც ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე მიიღეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოთხი ქვეყანა უპირობოდ და უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მაღალი რანგის სტუმრებთან გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებაც განიხილა, რასაც დღეს 4 ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს დელეგაციებს იმ მხარდაჭერისათვის, რაც გამოიხატა კონკრეტულად ამ ვიზიტში, როდესაც აგვისტოს ომის 10 წლისთავზე, ჩვენი მეგობრები მხარდაჭერის გამოსახატავად ჩამოვიდნენ საქართველოში.
ბუნებრივია, მიმოხილული იქნა ჩვენი ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხაზგასმით აღინიშნა, რომ გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენისაკენ, ეს არის გზა საქართველოს წარმატების, რომელიც აუცილებლად გადის საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს არის მეტი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, მეტი ერთობლივი პროექტების განხორციელება, მეტი რეფორმები და კიდევ უფრო მეტად წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა, რაშიც ჩვენმა პარტნიორებმა მეტი მხარდაჭერა აღგვითქვეს და საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მომავალში უნდა გადაიდგას საქართველოს ევროპული, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით”, –  განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი. შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა მაღალი რანგის სტუმრებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები