ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

“ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ამის შესახებ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის დეკლარაციაშია ნათქვამი.
უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციასა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ ძალისხმევაში ჩართულობა.

„სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციასა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ ძალისხმევაში ჩართულობა და მონაწილეობა, მათ შორის, ჟენევის ფორმატში გამართული დისკუსიების თანათავმჯდომარის რანგში. ასევე, დაეხმაროს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევას და გააგრძელოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა ადგილზე“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სარგებელს მოუტანს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. „პაკეტს – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვაჭრობის გამარტივების, განათლებისა და მობილობის საშუალებით. ამ ტიპის წინადადებები სრულად შეესაბამება ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკას საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთის აგრესიიდან 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში, საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტები გააძლიერა და კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმები განახორციელა. „საქართველომ წარმატებით განავითარა ეკონომიკა და მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმისათვის. დღეს ის რეგიონში დემოკრატიული სტაბილურობის მისაბაძი მაგალითია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები