პავლო რუზენკო: თქვენ არასოდეს იქნებით მარტო, ჩვენ დღესაც თქვენ გვერდით ვართ

„თქვენ არასოდეს იქნებით მარტო. იმასვე ვაკეთებთ დღესაც – ჩვენ ვართ თქვენ გვერდით“, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, პავლო როზენკომ განაცხადა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.
პავლო რუზენკომ, სიტყვით გამოსვლისას, პოლონეთის პრეზიდენტის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ლეხ კაჩინსკიმ 10 წლის წინ საქართველოში ყოფნისას წარმოთქვა.
„თითქმის 10 წლის წინ, საქართველოში ჩამოვიდნენ ხუთი ქვეყნის ლიდერები იმ საშინელი ომის დროს. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ განაცხადა, ჩვენ ათასობით კილომეტრი გავიარეთ იმისათვის, რომ ქართველ ერს გამოვუცხადოთ ჩვენი გულწრფელი თანადგომა, მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენ არასოდეს იქნებით მარტო. იმასვე ვაკეთებთ დღესაც, ჩვენ ვართ თქვენ გვერდით. არ მავიწყდება პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვები – ჩვენ აქ ვართ საბრძოლველად, ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა აჩვენა თავისი სახე, რაც ასობით წელია ვიცით. ამ მეზობელს მიაჩნია, რომ ხალხი მას უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ – არა! დღეს საქართველო, ხვალ – უკრაინა, ზეგ – ბალტიის ქვეყნები და შემდეგ ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დროც მოვა. სამწუხაროდ, მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. უკვე ოთხი წელია, უკრაინა იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივ ძალისხმევას არ ვაკლებთ, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა პავლო როზენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები