„უცნობი ინგლისური ისტორიული წყაროები საქართველოს შესახებ“ – ხელოვნების სასახლეში სამეცნიერო პროექტი ხორციელდება

საქართველოს ხელოვნების სასახლის მეცნიერთა ჯგუფმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, ორწლიანი პროექტი სახელწოდებით „უცნობი ინგლისური ისტორიული წყაროები საქართველოს შესახებ“ ევროპის უდიდეს წიგნთსაცავებსა და არქივებში ჩვენი ქვეყნის შესახებ ნაკლებად ცნობილი, ან დღემდე ჯერ კიდევ შეუსწავლელი დოკუმენტების გამოქვეყნებასა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანას ისახავს მიზნად.
ფონდის თანადგომით უკვე განხორციელდა რიგი ღონისძიებები. მუზეუმში ირლანდიის ეროვნული არქივიდან ჩამოტანილია ინგლისის მეფეთა საიდუმლო კანცელარიის ის დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს ეხება. შეიქმნა იმ ძვირფასი ხელნაწერებისა და მინიატურების ციფრული ბაზა, რომელიც შუა საუკუნეების ევროპაში კოლხეთის ისტორიასა და მასთან დაკავშირებულ მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავს.
„უახლოეს მომავალში დაგეგმილია ე.წ. დადიანთა არქივის ბეჭდური ასლების გადმოტანაც, საქართველოში ჩამოვა ასევე XVI-XVII საუკუნეების უცნობი თეატრალური პიესები რომლებიც ქართლ-კახეთის მონარქთა თავგადასავალს გვიყვება. 500-ზე მეტი ძვირფასი დოკუმენტი ხელოვნების სასახლის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ითარგმნება, ქრონოლოგიურად დახარისხდება და წიგნად გამოიცემა. ასევე ჩატარდება საჯარო ლექციების კურსი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აუდიტორიებში, რომელზეც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება“, – აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელია ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სდასუ-ს პროფესორი გიორგი კალანდია. სამუშაო ჯგუფი: თსუ დოქტორორანტი, ხელოვნებათმცოდნე ირინე საგანელიძე. სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათ მაგისტრი თაკო თოლორდავა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი მერი ხარაიშვილი, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მაგისტრი თორნიკე კოპლატაძე. პროექტის სამეცნიერო კონსულტანტია ოქსფორდის უნივერსიტეტის – ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების უფროსი, პროფესორი ჯილიან ევისონი, ტექნიკური მენეჯერი – ხელოვნების სასახლის დირექტორის მოადგილე ირაკლი ზამბახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები