ეკა ლალიაშვილი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ეს ხედვა ევროპული ქალაქის მშენებლობას შეუწყობს ხელს

ეს ხედვა ნამდვილად ევროპულია და ევროპული ქალაქის მშენებლობას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მერიის მიერ წარმოდგენილ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად აფასებს.
„საუბარი იყო რამდენიმე მიმართულებაზე: აქ არის საუბარი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მისი ქსელის განვითარებაზე და ასევე იმ ავტობუსების ჩანაცვლებაზე, რომელიც ჩვენთვის ყოველდღიური სატკივარია, როგორც საგზაო უსაფრთხოების, ისე გამონაბოლქვის კუთხით. მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტაქსების ლიცენზირება, რომელიც დღეს ქაოტურ მდგომარეობაშია. ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ნაბიჯია ამ ცვლილებების ეტაპებად განხორციელება.
ასევე, პარკირების სისტემის შემოღება, რაც გულისხმობს ზონირებას. ყველა ევროპულ ქალაქში ასე ხდება: ცენტრალურ ნაწილში ბევრად ძვირი ღირს საათობრივი პარკირება, ვიდრე გარეუბნებში. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხედვა ნამდვილად ევროპულია და ევროპული ქალაქის მშენებლობას შეუწყობს ხელს“- განაცხადა ლალიაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საგზაო უსაფრთხოების თემაზე მეტი აქცენტი გაკეთდეს.
„ერთადერთი, რასაც დავამატებდი, – მეტი აქცენტი გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოების თემაზე. ჩვენ უნდა მოვისმინოთ იგივე აქცენტირებულ საკითხად უსაფრთხოების საკითხები. ძალიან გაკვრით იყო ნახსენები ქვეითთა უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ვფიქრობ, ამაზე ცალკე პრეზენტაციაც იქნება გასაკეთებელი.
თბილისში თუ გადავხედავთ სტატისტიკას, მხოლოდ მიმდინარე წელს, 6 თვის მონაცემებით დაიღუპა 46 ადამიანი და დაშავდა 1800-ზე მეტი პირი, როდესაც ეს შარშან შედარებით ნაკლები იყო: 43 გარდაიცვალა იგივე მონაცემებით და 1800-ზე ნაკლები დაშავდა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავინახოთ ეს პოლიტიკა იმ თვალსაზრისით, რამდენად შევძლებთ, შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევები, ავარიებით გამოწვეული დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა“- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გამართა.
„ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით და ტრანსპორტს ამ მიმართულებით, განსაკუთრებული როლი აქვს“
– განაცხადა კალაძემ.
ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, რამდენიმე ცენტრალურ უბანში პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, ძალაში შევა რეგულაცია მარჯვენა საჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის მანქანების შეზღუდვაზე.
მერიის ცნობით, პარკირების რეგულირების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური მართვა.
გარდა ამისა, სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამავე მიზნით იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც გულისხმობს „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით მონაცემების შეგროვებას, სატრანსპორტო ნაკადების უკეთეს გადანაწილებას და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას.
თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, 2018-2019 წლებში იგეგმება 511 ამორტიზებული ავტობუსის სრულად ჩანაცვლება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობა 900 ერთეულამდე გაიზრდება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები