ვახტანგ შაქარიშვილი: კონცერტები ზაფხულში, თბილისის ყველა უბანში ტარდება, ეს არის ის, რაზეც ქალაქური ცხოვრება დგას

რასაც ლევან ხაბეიშვილი ტაშ-ფანდურს ეძახის, ეს ჩვენი ქალაქისთვის კულტურის ნაწილია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვახტანგ შაქარიშვილმა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.
„მნიშვნელოვანი არ არის ოპოზიციის, კონკრეტულად ხაბეიშვილის განცხადებები და შეფასებები. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დედაქალაქის მერიამ მოახერხა და უკვე მერამდენედ გაზარდა დედაქალაქის ბიუჯეტი და დღეს ის 917 მილიონს შეადგენს. ჩვენ გასულ სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, ეს 10 მილიონი არის მიზნობრივი ტრანსფერი, რომელიც ხმარდება ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ის ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილი იყო, არის შესაბამის კვარტალში, შესაბამისი თვის ჭრილში ტენდერების მეშვეობით წარმოქმნილი ეკონომიები, რომელიც შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი პრიორიტეტებით ნაწილდება. ერთ-ერთი მიმართულება იყო კულტურული ღონისძიებების დაფინანსება. რასაც ხაბეიშვილი ტაშ-ფანდურს ეძახის, ეს ჩვენი ქალაქისთვის კულტურის ნაწილია. ეს კულტურაა. რას გულისხმობს ის ტაშ-ფანდურში, არ ვიცი. ეს არის შეურაცხყოფა კულტურის ყველა მოღვაწის, ჩვენი მოქალაქეების, იმიტომ, რომ დამერწმუნეთ, მთელი ქალაქის მასშტაბით, ასეთი ათეულობით ღონისძიება ტარდება ზაფხულის განმავლობაში: ესაა ღია კინოჩვენებები, უფასო, საკმაოდ მაღალი დონის კონცერტები. ამით ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ, ეძლევათ დასვენების, გართობის ძალიან კარგი შესაძლებლობა. საჯარო კონცერტები ზაფხულის განმავლობაში თბილისის ყველა უბანში, ყველა თაობის მაცხოვრებლისთვის კეთდება, ეს არის რეალურად ის, რაზეც ქალაქური ცხოვრება დგას. მერწმუნეთ ეს არ არის დიდი დანახრჯები“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნულ საკითხს დეპუტატებმა მხარი 32 ხმით დაუჭირეს. აღნიშნული ცვლილებებით თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხების განხილვამდე საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მან მოსთხოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაესაბუთებინა, რატომ უნდა გაზრდილიყო მერიის დაფინანსება, მათ შორის კულტურული მიმართულებით, ტაშ-ფანდურისა და კონცერტებისათვის.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები