უზენაესმა სასამართლომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის გადაწყვეტილება გაავრცელა

   საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის გადაწყვეტილება გაავრცელა. “2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის საკასაციო საჩივარი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის #602 ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის შესაგებელის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა ცნო კასატორის – ბიძინა ივანიშვილის სარჩელი (სააპელაციო და საკასაციო საჩივრები) და დაეთანხმა კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამისად, ბათილად ცნო სადავო ბრძანებულება გასაჩივრებულ ნაწილში”, – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა პოლიტიკაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში ჩამოართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები