ჩოხატაურში, სოფელ შუა განახლების უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მონასტერთან კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ შუა განახლებაში არსებული უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის ქვედა ეკლესიამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტის განხორციელდება დაიწყო.
სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, იგეგმება იოანე ნათლისმცემლის ისტორიული ტაძრის მიმდებარედ მეწყერის შედეგად გაშიშვლებულ კლდოვან გრუნტზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობა ტაძრის ნიშნულის დონემდე და ამავე დონეზე ბაქნისა და გადასავლელი ბილიკის მოწყობა მიმდებარედ ბუნებრივი გრუნტოვან ტერასამდე, სამონასტრო კელიებისკენ მიმავალი საფეხმავლო ბილიკის მიმართულებით.
ასევე ტერასისა, კიბისა და ბილიკის გასწვრივ უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობას და ტაძრის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვას რაც გულისხმობს ტაძრის ჩრდილო-დასავლეთი კუთხის საძირკვლის დონეზე მეწყერისგან გამიმდინარე სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად სახელდახელოდ დაბეტონებულ-გამაგრებული მასის კორექტირებას და საპირე ქვის წყობის აღდგენას იმავე ჯიშის ბუნებრივი ქვით. აგრეთვე ტაძრის ჩრდილოეთისა და დასავლეთის შესასვლელი კარებების შეცვლას ახლით.
ამასთან დაკავშირებით ადგილზე ჩატარდა შესაბამისი გეოლოგიური კვლევა რითაც დადასტურდა ტაძრის გეოლოგიური უსაფრთხოება და განისაზღვრა ტაძრის დონეზე მოსაწყობი ბაქნის გაბარიტები. ამავდროულად აიზომა ტაძრის არსებული მდგობარეობა და ჩატარდა მცირე სახელოვნებათმცოდნეო კვლევა და გაიცა რეკომენდაციები ჩასატარებელი სამუშაოების განსახორციელებლად.
კვლევების შედაგად მიღებული მასალების ანალიზის შედეგად განისაზღვრა და არსებულ კლდოვან გრუნტს მოერგო საფეხმავლო კიბე-ბილიკი რომელიც ნაწილობრივ შეჭრილი იქნება არსებულ კლდოვან გრუნტში და მიუყვება რელიეფის ქანობს. ტაძრის დონეზე ტერასის ზღვარი განისაზრვრა ტაძრის დასავლეთის კედლიდან 1.5 მ-ით, რაც უზრუნველყოფს ტაძრის დასავლეთის კარის მიმართულებით შეუფერხებელ გადაადგილებას. ტერასის საყრდენი კედლის ნაცვლად, იმ ადგილებში, სადაც მოსაწყობი საყრდენი კედლის ეკრანის სიმაღლე, რელიეფის ციცაბო ქანობის გამო სცილდება ვიზუალური აღქმის მაშტაბს, პროექტში გამოყენებულია ორ საპირისპირო საყრდენზე დაფუძნებული ქვის თაღი, რათა ნაკლებად მოხდეს ტაძრის საყრდენი კლდოვანი გრუნტების ტაძრის სიახლოვეს ჩასატარებელი მექანიკური ნგრევა-დამუშავება, რომელთა შემცირება ხელს შეუწყობს ტაძრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოულოდნელი შედეგების თავიდან აცილებას.
ასეთივე თაღი გამოყენებული მოპირდაპირე ბუნებრივი ტერასისკენ მიმავალი ბილიკის საყრდენად, რაც უზრუნველყოფს ციცაბო ფერდობზე მოდენილი ზედაპირული წყლების უსაფრთხო გატარებას. პროექტში ასევე გათვალისწინებულია ტაძრის დასავლეთით კლდოვანი ფრაქციული გრუნტოვანი ფენის გასამაგრებლად დაბეტონებული მცირე ზომის კედლის მოპირკეთება კლდოვანი ფლეთილი ქვებით რათა შემცირდეს მისი აქტიურობა. საფეხმავლო ბილიკისა და ბაქნის გასწვრივ მოსაწყობი მოაჯირი შესრულდება ლითონით, მისი ცალკეული დეტალების ერთმანეთთან შედუღებისა და სამონტაჟო ანკერების მონაცვლეობით. მოაჯირის ვიზუალური სტრუქტურა შემცირებულია მინიმუმამდე, რაც გამოიხატება მხოლოდ საყრდენი დგარებისა, რომელიც მდებარეობის შესაბამისად ჩამაგრებულია ზოგან კლდოვან გრუნტში და ზოგან მიმაგრებულია საყრდენ კედელზე, რასაც ეყრდნობა მოაჯირის სახელური, ხოლო საყრდენებსა და სახელურს შორის არსებული სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საყრდენებს შორის გაჭიმული გამჭვირვალე იზოლაციით დაფარული უჟანგი ლითონის ბაგირი.
უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის მიმდინარე სამუშაოების პროცესი, რომელსაც კომპანია “ტაოტბელი” ახორციელებს, დღეს სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გაეცნო..
უდაბნოს მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა და ორ ეკლესიას აერთიანებს: პირველი, რომელიც კლდეში ნახევრად არის გამოკვეთილი, ძველია. მეორე კი ქვით ნაშენი უგუმბათო ეკლესიაა, რომელიც 1858 წელს აუგიათ და მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. მეცნიერთა მოსაზრებით, უდაბნოს მონასტერი VI-IX საუკუნეების უნდა იყოს. მე-18 საუკუნის შუა ხანებში მონასტერი იოსებ ტუსკიას განუახლებია, რომელიც ისტორიულ საბუთებში “გურიელის კარის მოძღვრად”, აგრეთვე “საჯუმათლოს მოწესედ, ქორეპისკოპოსად და მეომოფორედ” იხსენიება.