ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ სამოქმედო გეგმა განიხილა
იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს 2014-2015 წწ. ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა განიხილა და მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები მოისმინა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე პარტნიორობის წევრ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის წარმატებულ მაგალითებზეც ისაუბრეს; იმსჯელეს ღია მმართველობის სამეთვალყურეო კომიტეტში საქართველოს გაწევრიანებისა და ღია მმართველობის კონკურსზე საქართველოს პროექტის წარდგენის საკითხებზე. ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა კიდევ ერთხელ სთხოვა ფორუმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ღია მმართველობის პროცესებში საქართველოში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ღია მმართველობა საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიის წარდგენა ღია მმართველობის პარტნიორობისათვის 2014 წლის 15 ივნისს იგეგმება. შემდგომი კომენტარებისა და რეკომენდაციებისთვის უკვე მზადაა მისი პირველადი პროექტი, რომელიც არასამთავრობო სექტორთან ერთად ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში შემუშავდა.
„პროგრამა „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership) 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის ინიციატივით ამოქმედდა. მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაზრდაა. პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ხუთი ძირითადი გამოწვევა: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, ბიზნესის პასუხისმგებლობის გაზრდა. „ღია მმართველობის პარტნიორობას“ საქართველო 2011 წლის 20 სექტემბერს შეუერთდა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.