GITA-ს ორგანიზებით, ბაკურიანში ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ბაკურიანში, სასტუმრო ROOMS KOKHTA-ში, I-IV კურსის სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართა.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბანაკში მონაწილეობას წინასწარ შერჩეული 50 ქართველი და 10 უზბეკი სტუდენტი იღებდა.
ერთი კვირის განმავლობაში, მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული სალექციო პროცესებში, გაეცნენ AI ტექნოლოგიებს, მანქანური სწავლების ალგორითმებს, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და მონაცემთა მეცნიერებას. ამას გარდა, ბანაკის განმავლობაში მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ საკუთარი სტარტაპების შექმნაზე, დემო დღეზე 11 გუნდმა საკუთარი პროექტი ჟიურის წინაშე წარადგინა.
ბანაკი ასევე დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობებით, რომელიც მონაწილეებს ახალი და მყარი თანამშრომლობის შექმნაში დაეხმარა.
პროექტის მიზანი სტუდენტების ჩართულობა და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილი იყო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.