გერის მკვლელობისთვის ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურა მას გაუპატიურებასაც ედავება

პროკურატურამ, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, ვეფხია ბაქრაძეს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გარდა, კიდევ შვიდ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმა.
მათ შორის არის გაუპატიურების მუხლიც, რომელიც პროკურატურა ბრალდებულს გარდაცვლილის დედის ნათია გაბოძის მიმართ ედავება.
როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდებულს ვ.ბ -ძეს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-3-ე; 11 პრიმა 144 სამი პრიმა -1; 11 პრიმა 126 – 1 ორი პრიმა; 11 პრიმა 137-1; 11 პრიმა 151-1; 11 პრიმა 150 პრიმა -1; 11 პრიმა 187-1; 11 პრიმა 109-3-ბ; მუხლებით ბრალდებები აქვს წაყენებული.
ვეფხია ბაქრაძეს თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით მხოლოდ ორი ბრალდება აქვს წაყენებული.
დანარჩენი 6 სხვადასხვა მუხლი, გამოძიებამ ბრალდებულს მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო წაუყენა.
ამასთან, ბრალდების ყველა ეპიზოდს ოჯახური დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა.
როგორც „კვირას“ ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განუცხადა, ბრალდებული მან 23 ივლისს საპატიმროში ინახულა და ახალი ბრალდებები გააცნო. თუმცა, ვეფხია ბაქრაძე წაყენებულ ახალ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მისი თქმით, ბრალდებული არც მკვლელობის ნაწილში წაყენებულ ბრალდებას ეთანხმება.
ადვოკატი ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძე მხოლოდ განზრახ მკვლელობას აღიარებს. სხვა ბრალდებებს, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ბრალდებული არ ეთანხმება.
ამასთან, ადვოკატი „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა გაუპატიურების შესახებ. უფრო მეტიც, ამ სახის ექსპერტიზა საერთოდ დანიშნული არც ყოფილა.
მისი თქმით, საქმის მასალებში არსებობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თაკო გამრეკელაშვილის ცხედარს ჩაუტარდა და ჭრილობების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
სასამართლო სხდომა 2 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
დანაშაული, რომელსაც გამოძიება დაკავებულს ედავება, 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები