შსს-ს გენინსპექციის უფროსი: სიცრუეა, თითქოს ხაიშში არიან დაშავებულები, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხაშში ადგილობრივი მოსახლეობა დაშავებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ხაიშში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახორციელებს კანონიერ მოქმედებებს, რომელსაც ხელს უშლის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი. სწორედ ამის გამო არის შსს-ს გარკვეული დანაყოფები ადგილზე, რომ არ მოხდეს რაიმე ექსცესი. არანაირი სპეცრაზმი აქ დილას არ გამოჩენილა. ეს არის ცრუ ინფორმაცია. არც დაშავებულები არიან. ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს. გადასული ვართ მოლაპარაკების რეჟიმში მოსახლეობასთან და ვთავაზობთ, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გავიდეს ტერიტორიიდან და ჩადგეს პროცესი კალაპოტში“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
მისივე თქმით, თუკი რაიმე გადაცდომა იყო რომელიმე მხრიდან, გენინსპექცია მასზე მოკვლევას დაიწყებს და იქნება სათანადო რეაგირება.
„სახლში არავის შევარდნიან. შევიდნენ უკანონოდ ფუნქციონირებად სახერხებში. უკანონოდ რომელიც ფუნქციონირებს, იქ განხორციელდება კანონის შესაბამისი მოქმედებები“, – აღნიშნა შსს-ს გენინსპექციის უფროსმა.
რაც შეეხება ადგილობრივებთან მოლაპარაკებას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა, გაიხსნას გზა და დამსვენებლებს ჰქონდეთ მიმოსვლის საშუალება.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები