„ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“ – 17 ქართველი მოსწავლე ვენაში დაგეგმილ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

ქართველი და აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდა მხატვრები მონაწილეობას მიიღებენ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში  გამართულ ბავშვთა ნახატების გამოფენაში: „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“.
პროექტის ავტორი და ინიციატორი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრია – 17 ქართველი მოსწავლე, მათ შორის კონფლიქტის  ზონაში მცხოვრები 2 ახალგაზრდა, 4 დღის განმავლობაში გაივლიან მასტერკლასს  ვენაში, ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ბავშვებთან ერთად და შექმნიან საგამოფენო ნამუშევრებს აფხაზეთის თემაზე.
24 აგვისტოს ვენის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში გამოიფინება მასტერკლასის მსვლელობისას შექმნილი ნახატები;
ნაჩვენები იქნება ვიდეორგოლი  აფხაზეთის თემაზე, მოკლე ისტორიული მიმოხილვით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, გიორგი კეკელიძის წიგნის ”თომას ზღაპრები” გერმანულენოვანი თარგმანის წარდგენა.
პროექტი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და ავსტრიაში ქართული დიასპორის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ერთ-ერთი დონორი ფონდი „კრისტალია“.
ჭიათურიდან და ზესტაფონიდან  „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების შვილების ვენაში გამგზავრების ხარჯს კომპანია მისი მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით უზრუნველყოფს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ასევე ქართული დიასპორა ვენაში. ახალგაზრდული ცენტრის ინციატივა და პროექტია ეს, რომელსაც მხარს უჭერს ქართული დიასპორა ვენაში, ვენის ქართული საკვირა სკოლა, ფონდი კრისტალი უზრუნველყოფს კონფლიქტური ზონიდან მოსწავლეების ჩართულობას.

ნატალი პატარიძე, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, პროექტის ავტორი:
„25 წელი გადის სოხუმის დაცემიდან და პრობლემა ისევ ისე რჩება. სამწუხაროდ,  დროის გასვლასთან ერთად, ინფორმაცია ქრება, სიმწვავეს კარგავს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ახალ თობაში ამ პრობლემის აქტუალიზება მოგვეხდინა, რომ ინფორმაცია არ დაკარგულიყო. ვენა ევროპული პლატფორმაა., სადაც ეს პრობლემა თავიდან გაჟღერდება და ოკუპაციის თემის აქტუალიზება მოხდება.  ჩვენ გვეხმარება ქართული დიასპორა,  ქართული საკვირაო სკოლის დამაარსებელი, არაჩვეულებრივი გოგონა თამილა ჯერვალიძე. მასპინძელი მხარე, რომელიც გამოფენას ორგანიზებას უწევს, სწორედ თამილა ჯერვალიძის მიერ შეკრებილი მუდმივად მაცხოვრებელი ქართველები არიან.
საქართველოდან მიგვყავს 17 ბავშვი, არა მხოლოდ ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები, ასევე – ბავშვები ჭიათურიდან და ზესტაფონიდან. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი, ბატონი ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც  გამოირჩევა ახალგაზრდების მხარდაჭერით,  მოგვეხმარა ოთხი  არაჩვეულებრივი მოსწავლის აღმოჩენაში.
ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი და ჩართულობა მოხდა ნიჭიერი ბავშვების.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტში 2 აფხაზი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, ისინი ფონდმა „კრისტალმა“ მოიძია. ამ პროექტს მრავალი მხარდამჭერი ჰყავს და ყველამ შეიტანა თავისი წვლილი, მინდა დიდი მადლობა  ვუთხრა ყველას.

გიორგი კეკელიძე, მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი დირექტორი:
„ახალ თაობაში ამ საკითხზე, გასაგები მიზეზების გამო, ემოციური მეხსიერება გაცილებით ნაკლებია.  ამ თაობას არ ჰქონია საშუალება, რომ ფიზიკურად იქ ყოფილიყო, ან სხვა ხერხებით გაეცნო იქაურობა. შესაბამისად, მათში ემოციური განცდა გაცილებით ნაკლებია.
აუცილებელია, ჩვენ გვქონდეს ხშირი და ინტენსიური საუბარი, ერთი მხრივ, ოკუპაციაზე, და, მეორე მხრივ, დაბრუნებაზე.
დაბრუნება გულისხმობს ადამიანების ერთმანეთთან დაბრუნებას, მათ შორის ქართველი და აფხაზი ხალხისას. ძალიან კარგია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები იმართება, რომ კერძო ფონდები არიან ჩართული. თუ არა საზოგადოების სრული მობილიზება, ძალიან რთულია საუბარი, მით უფრო ასეთ მტკივნეულ თემებზე და მით უფრო ახალ  თაობასთან, რომელსაც მხოლოდ მშრალი ინფორმაცია აქვს ერთმანეთზე და ეს ინფორმაცია უმეტესწილად არის ტრამვული. ნელ-ნელა უნდა ვეცადოთ, რაღაცებს მსუბუქი ტაბუ დავადოთ და ეს თაობა ერთმანეთს ხელახალი ფურცლებიდან დავალაპარაკოთ“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები