“საგამოძიებო კომისიის წევრებს არ გვაქვს უფლება, პირის ბრალეულობა და საქმის კვალიფიკაცია განვსაზღვროთ – ვის რა ბრალი წავუყენოთ და რა მუხლით, ჩვენი მანდატი არ არის”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, ის ემიჯნება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ისეთ განცხადებებს, რომლებიც ცდილობენ ჩავიდნენ დეტალებში, თუ ვის უნდა წაეყენოს ბრალი და რა კვალიფიკაციით.

ამის შესახებ ეკა ბესელიამ კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას არასრულწლოვანთა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

“პირადად მე, განსხვავებულად ვუყურებ კომისიის მანდატს და ვფიქრობ, ისე ვუყურებ, როგორც რეგლამენტში და კანონში წერია. ჩემი კითხვები უფრო მიმართული იქნება იქით, რაც მგონია, რომ კომისიამ უნდა დაადგინოს. კომისიამ უნდა დაადგინოს, ხომ არ იყო რაიმე დარღვევა ან გადაცდომა და ხომ არ იყო ისეთი მოქმედება, რომელიც უნდა ჩატარებულიყო და არ ჩატარდა იმის გამო, რომ რაიმე სხვა ინტერესი არსებობდა და ა.შ. პრინციპული მგონია და ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველა იმ არასრულწლოვნის, რომელსაც ეხება, ან რომელსაც შეიძლება შეეხოს ეს საქმე. განსაკუთრებით ვინც სახელდება ხოლმე. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას ეს სტანდარტები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან ადგილი აქვს არასრულწლოვნის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას.

“ამ ყველაფერს შეიძლება დავის სამართლებრივი გაგრძელება მოყვეს და შეიძლება სახელმწიფოს მოგვიწიოს ამაზე პასუხის გაცემა შიდა ეროვნულ დონეზეც და მათ შორის საერთაშორისო სასამართლოშიც. მე მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ, რომ დაცული იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მართლმსაჯულებაში ჩაურევლობა. მე არ დავსვამ კითხვებს საკითხებზე, რომელიც სასამართლოს შესაფასებელია. ჩვენ არ გვაქვს უფლება, განვსაზღვროთ პირის ბრალეულობა, საქმის კვალიფიკაცია და ა.შ. ისეთ დეტალებში ჩასვლა, რომელიც მიდის იქით, თუ ვის რა ბრალი წავუყენოთ და ვის რა მუხლით – ეს ჩვენი მანდატი არ არის. მე ვემიჯნები კომისიის წევრების პოზიციას, ვისაც სწორედ აქეთ მიყავს სტრატეგია, ყველამ აგოს პასუხი თვის ქმედებაზე, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპულად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ შეიძლება ასეთ გადახვევებს ცალკეული პირების მხრიდან მოყვეს ცალკეული საჩივრები, სამართლებრივი პროცედურების დაწყება და ა.შ.“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს პროკურორებს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები