ვუდი ალენის პიესის ექსპერიმენტული დადგმა მოძრაობის თეატრში
31 იანვარს, 19 საათზე, 1 თებერვალს, 17 საათზე და 2, 14, 15 და16 თებერვალს, 19 საათზე, მოძრაობის თეატრი საპრემიერო ჩვენებებს გამართავს. პირველ საპრემიერო ჩვენებაზე მაყურებელი იხილავს ვუდი ალენის პიესის – „სიკვდილის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „კლაინმანი“. სპექტაკლის რეჟისორი და პიესის მთარგმნელია იოსებ ბაკურაძე. მონაწილეობენ: გიორგი კორკოტაძე, კახა არევაძე, უჩა მჟავია, ალექსანდრე ჯაგაშვილი, თამარ აზნარაშვილი, ამირან ქაჩიბაია, ეკა წილოსანი, ილია ჭეიშვილი და იაკობ გოგოტიშვილი.
ვუდი ალენის სათავგადასავლო კომედია „კლაინმანი“არის კაცზე, რომელსაც შუა ღამით მეზობლები დახმარებას სთხოვენ, რომ ბაღში შესული მკვლელი – მანიაკი პოლიციას დააჭერინოს. ეს უაღრესად სასაცილო ამბავი უცნაურად და განსხვავებულად ვითარდება. მთელი სპექტაკლის განმავლობაში მაყურებელი დაძაბულია. პიესა „კლაინმანი“ ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. „კლაინმანი“ თანამედროვე ექსპერიმენტული დადგმაა. ის დრამატული თეატრის და ფიზიკური თეატრის მიმდინარეობების გაერთიანების მცდელობაა. დადგმაში დიდი ყურადღება ექცევა მსახიობის როგორც მხატვრულ მეტყველებას, ასევე მათ ფიზიკურ კონდიციას.