ოთარ კახიძე: მიხეილ კალანდია სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს

“ხორავას ქუჩის” საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, მიხეილ კალანდია სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს.
როგორც ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არსებობს 8 მოწმის მტკიცებულება და საკუთრივ, მ.კ.–ს აღიარებითი ჩვენება, რომ იგი არის მკვლელობის თანამონაწილე.
„არ არის ვალდებული ადამიანი, მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, განსაკუთრებული მოლოდინი მ.კ.–ს ჩვენების ინფორმატიულობასთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, რადგან მ.კ. არის ის პირი, რომლის უშუალო ჩართულობითაც დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი. ეს არის პირი, რომელმაც შეკრიბა თავისი სამეგობრო, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებულები და ეს არის პირი, რომელიც ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე სარალიძესთან იმყოფებოდა ფარდულში და მასთან უშუალო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა, იჭერდა და ურტყამდა მას. ამავე დროს ხედავდა, როგორ ურტყამდნენ დავით სარალიძეს დანებს. ამიტომ ეს პირი ძალიან მნიშვნელოვანი, ცენტრალური ფიგურაა ამ საქმის, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ პირი არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მანვე, ა.ს.–ს გამოკითხვის შესახებ არ ისაუბრა. კომისიამ უკვე დაკითხა ა.ს. რომელმაც შენობა მედიასთან გამოჩენის გარეშე დატოვა.
ცნობისათვის, ამ წუთებში სპეციალიზებულ ცენტრში ფსიქოლოგების მიერ მ.კ.–ს გამოკითხვა მიმდინარეობს.
გამოკითხვას ასევე ესწრებიან აღნიშნული საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და სხვა წევრები.
აღსანიშნავია, რომ დღესვე კიდევ ორ არასრულწლოვნს გამოკითხავენ, თუმცა, მათი ვინაობა არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები