გიორგი ქობულია: პროკურატურას ყველა გამოთხოვილ ინფორმაციას ვაწვდით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ქუმსიშვილი-ალავიძის დაკითხვის საკითხს გამოეხმაურა.
მისი ინფორმაციით, უწყების შესაბამისი განყოფილებები და დეპარტამენტები პროკურატურას ყველა გამოთხოვილ ინფორმაციას აწვდიან.
„არის სათანადო უწყებები, რომლებიც ამ გამოძიებას თუ საქმეს იხილავენ. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ჩვენი მხრიდან ყველაფერს 100 პროცენტით ვუწყობთ და შევუწყობთ ხელს. სათანადო განყოფილებები, მიმართულებები და დეპარტამენტები აწვდიან ინფორმაციას, რომელიც გამოთხოვილი იქნება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ალავიძე და ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ უწყება მზად არის, პროკურატურასთან ითანამშრომლოს და მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს, სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია საკითხები, რასთან დაკავშირებითაც უწყება პროკურატურას მიმართვის საფუძველზე დოკუმენტაციას გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები