როგორ “დაუფასა“ ბაჩო ახალაიამ აგვისტოს ომის გმირებს თავდადება?

დივიზიონი, რომელმაც მოწინააღმდეგეს ყველაზე მეტი საფრენი აპარატურა გაანადგურა, ახალაიამ ომიდან ერთი წლის თავზე გააუქმა

ქუთაისის ცალკეული საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონის ნაწილი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მოწინააღმდეგეს რამდენიმე ერთეული საფრენი აპარატი გაუნადგურა, ომიდან ერთი წლის თავზე, 2009 წლის სექტემბერში თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილებით გაუქმდა. ოფიციალურ მიზეზად უდისციპლინობა დასახელდა. დივიზიონის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს დღეებში მათ დიდი რისკის ფასად ბრძოლის ველიდან პირადი შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა უდანაკლისოდ გამოიყვანეს. ისინი „კვირასთან“ ექსკლუზიურად ბრძოლის დღეებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ახალაიამ მათ თავდადებას დივიზიონის დაშლით უპასუხა.
თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ვაჟა ჩომახიძე, რომელიც ომის დროს ცალკეულ საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონში მსახურობდა, გამოგონილს უწოდებს იმ არგუმენტს, რომ მათი ნაწილი უდისციპლინობის გამო დაშალეს. მისი თქმით, არც ერთი სამხედროს მხრიდან სერიოზულ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
ბაჩო ახალაიას მიერ დივიზიონის დაშლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიულ აქტად აფასებს დივიზიონის ერთ-ერთი ნაწილის ოცეულის მეთაური ლეგია გვეტენაძეც. მისი თქმით, დივიზიონის წევრები სხვადასხვა სამხედრო ნაწილში გადაანაწილეს, თუმცა, შემდეგ იქ მათდამი განსაკუთრებულ კონტროლს და წნეხს ჰქონდა ადგილი. ყოფილი სამხედროები გაუქმებული ნაწილის აღდგენას და მათი უფლებების დაცვას ითხოვენ.
legia„თუ რატომ დაიშალა ეს სამხედრო ნაწილი, ამ კითხვაზე ხელძღვანელ პირებთან წლებია პასუხს ვეძებ, მაგრამ ამაოდ. განმარტებას ვერ მაძლევენ. შინაგანაწესის მიხედვით, სამხედრო ნაწილის მხრიდან დარღვევები არ ყოფილა. არსებობს სამი პუქტი, რის საფუძველზეც შესაძლოა ნაწილი დაიშალოს. სამხედრო ნაწილი იშლება მაშინ, როცა მშვიდობიანობის დროს სამხედრო ნაწილის დროშა იკარგება, ასევე, როცა საბრძოლო მოქმედების დროს, სამხედრო დროშა მოწინააღმდეგეს ჩაუვარდება ხელში და როდესაც საბრძოლო მოქმედებებისას პირადი შემადგენლობის 70, ან 70 პროცენტზე მეტი განადგურდება და ამას ემატება ტექნიკაც. ჩვენს შემთხვევაში ამ ტიპის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ბრძოლის ველიდან ჩვენ პირადი შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა 100 პროცენტით გამოვიყვანეთ. პირად შემადგენლობაში სრულად 288 კაცი იყო. აქედან მხოლოდ ერთი ოცეული იყო დატოვებული ადგილზე, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა პოზიციაზე, ბრძოლის ველზე ვიყავით გადანაწილებულები. ნაწილის ხელმძღვანელი პირები ძირითადად, რამდენიმე ასეულთან ერთად საჰაერო სივრცეს ვიცავდით, დანარჩენი ჯარისკაცები გადანაწილებული იყო მებრძოლ ქვედანაყოფებთან ერთად. დივიზიონის დაშლის შესახებ ბრძანებას მე არ გავცნობივარ. ეს იყო სექტემბრის ბოლოს, 23 -ში, როდესაც ბაჩო ახალაიამ და გენშტაბის უფროსმა სამხედრო ნაწილის მეთაური, შტაბის უფროსი და მეთაურის მოადგილე დაიბარეს და ვითომდა უდისციპლინობის მიზეზით დივიზიონი დაშლილად გამოაცხადეს. ამბობდნენ იმასაც, რომ ხელმძღვანელეობა და პირადი შემადგენლობა არაფერს ვაკეთებდით. თუ სამხედრო ნაწილში უდისციპლინობა იყო გამეფებული, ამისთვის არსებობს სადისციპლინო წესდება, რის მიხედვითაც კანონდამრღვევი პირები უნდა დაესაჯათ, – ნაწილის ხელმძღვანელობა იქნებოდა ეს თუ პირადი შემადგენლობა.
იმ ღამესვე, დაახლოებით, 1-2 საათზე დამიბარეს და მითხრეს, რომ უნდა გადამებარებინა სამხედრო ნაწილი. ამ პროცესს სადღაც თვე-თვენახევარი დასჭირდა, საკმაოდ რთული პროცესია. თავიდან გვქონდა ნაწილის შენარჩუნების იმედი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ გამოიკვეთა, რომ სამხედრო ნაწილი უკვე დაშლილი იყო. მისი ქვედანაყოფები თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სამხედრო ნაწილზე გადანაწილდა. დანაყოფის მმართველობა ფაქტობრივად უსამსახუროდ რჩებოდა და მაშინდელმა სახმელეთო ჯარების სარდალმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კადრები სხვადასხვა ნაწილებში გადაენაწილებინა.
კითხვაზე პასუხი, თუ რატომ დაიშალა სამხედრო ნაწილი, დღესაც გაურკვეველია. ეს შეიძლება რუსული მეთოდიკაც იყოს, რომ ომის შემდეგ ვინმე უნდა დაისაჯოს. ჩვენს ნაწილს ამ მხრივ პრობლემა არ ჰქონია, პირიქით, dogvaniმადლობა ჰქონდათ სათქმელი…მე, მაგალითად, მეუღლესთან ერთად ვიყავი წასული და ჩვენნაირი რამდენიმე იყო, ვინც ოჯახებთან ერთად იბრძოდა“, – განუცხადა “კვირას“ ვაჟა ჩომახიძემ.
ლეგია გვეტენაძე: „ნაწილის დაშლა ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ…ეს მოხდა იმის ფონზე, რომ აგვისტოს ომის დროს ჩვენმა დივიზიონმა რამდენიმე რუსული საფრენი აპარატი გაანადგურა და საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ….გავიხსენებ რამდენიმე ეპიზოდს ომის პერიოდიდან: ჩვენი ასეული ყველასგან განცალკევებით ვიყავით.  სადღაც დღის მეორე ნახევარში მივიღეთ ბრძანება, რომ დასავლეთის მხრიდან ორი საფრენი აპარატი უნდა შემოსულიყო. მართლაც, შემოფრინდა ორი საფრენი აპარატი. გაგვიმართლა, ჩვენი საზენიტო დანადგარი ზუსტად საჭირო წერტილში აღმოჩნდა და გავუხსენით ცეცხლი… ერთმა დაგვტოვა, რომელსაც არ მოხვდა. ვუყურებდით, როგორ ბომბავდა გორს… ხოლო რომელიც დარჩა, სამი წრე დაგვარტყა… გვესროდა, მაგრამ ჩვენი დაზიანების საშუალება არ მივეცით. მერე შევამჩნიეთ, რომ ამ საფრენ აპარატს გაუჩნდა შავი კვამლი, მას აღარ შეეძლო მოქმედება, დატოვა ჩვენი ტერიტორია და ცხინვალის მხარეს გადავიდა. იარაღი, რომლითაც ვიბრძოდით, ძალიან ძველი  იყო, მაგრამ მაინც შევძელით მოწინააღმდეგის საფრენი აპარატის დაზიანება…
ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი დივიზიონი დაიშალა. ის ერთი დიდი ოჯახი იყო. ყველას გვეამაყებოდა, რომ ჯარისკაცები ვიყავით და ვმსახურობდით ამ დივიზიონში. როდესაც სხვა დივიზიონში გადაგვანაწილეს,  დავინახე ხელმძღვანელებსა და ჯარისკაცებს შორის ის არაჯანსაღი დამოკიდებულება, რაც მანამდე არ მენახა და გული დამწყდა, რადგან მე სულით და მოწოდებით ჯარისკაცი ვარ. ეს ყველაფერი ჩემს ნაწილში არ ხდებოდა… ჩვენთან  მაღალ დონეზე იყო სუბორდინაცია. სხვა ჯარისკაცები ჩვენთან გადიოდნენ სწავლებას. ყველაფერში მოწინავეები ვიყავით. ყველა ბრიგადის ქვედანაყოფმა ჩვენთან გაიარა გადამზადება. ამიტომაც ჩვენი დივიზიონი არ უნდა დაშლილიყო. გადაგვანაწილეს, მაგრამ ჯობდა, საერთოდ, სახლში გავეშვით. ყველა ჩვენ გვაკონტროლებდა. ჩვენს მიმართ განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენდნენ. თვითონ ჯარისკაცებიც სხვანაირად გვიყურებდნენ… ვერ ვიგებდით, რა უნდოდათ”, – განაცხადა ლეგია გვენეტაძე.
ასეულის მეთაურის გოდერძი ორმოცაძის ერთ – ერთი სერჟანტი გენადი დოღვანი კი “კვირასთან“ აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მტერს დისლოკაციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა.
“შევიცვლიდით თუ არა ადგილს, ეგრევე ვიბომბებოდით. ეგ უკვე მაღალმა ეშელონებმა გამოიძიონ, რა და როგორ….აშკარა იყო, მტერს ქართული მხრიდან ვიღაც აწვდიდა მუდმივად ინფორმაციას და ისინი ჩვენი ნაწილების დისლოკაციის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ… ჩვენი დივიზიონი სულ ბოლოს გამოვიდა ბრძოლის ველიდან…ამ ყველაფრის შემდეგ, ნაწილის დაშლას არავინ ველოდით და ეს ამბავი ძალიან მძიმედ მივიღეთ“, -აცხადებს სერჟანტი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=yBf2gK4vMeM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები