მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში, ასევე ეროვნული ეკონომიკური ინტერესების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებაში

2025 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ხაზი გაუსვა დიპლომატიის როლს ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის კონტექსტში, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიპლომატიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში, ასევე ეროვნული ეკონომიკური ინტერესების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებაში. მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყნების მიერ თავიანთი ეკონომიკური ინტერესების, შიდა ინდუსტრიებისა და შრომის ბაზრის დაცვა, თუმცა ამავდროულად საჭიროა გახსნილობა და თანამშრომლობა, რადგან თანამედროვე მსოფლიო ურთიერთდამოკიდებულებით არის დაკავშირებული.

„დიპლომატიის გარეშე ვერ ვიპოვით მდგრადობას და ვერც მომავალს, ამიტომ დიპლომატია ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე.

„რუკას თუ დავხედავთ, ცხადი ხდება, რომ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკმაოდ მგრძნობიარე რეგიონია, რაც მოითხოვს ფაქიზ და მაღალ დონეზე გათვლილ დიპლომატიას, რათა პარტნიორობამ ამ რეგიონში იმუშაოს“, – განმარტა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევებიც.

„საქართველოს აქვს ორი რეგიონი, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა. ერთი მხრივ, გვიწევს უსაფრთხოების იმ საკითხების ახსნა, რომელიც დგას სახელმწიფოს წინაშე, როდესაც ზოგადად ვსაუბრობთ ქვეყნის მიმზიდველობაზე. მიმზიდველობა, რომელსაც თან ახლავს ის მყარი რეფორმები, თანამშრომლობა თუ პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც შევქმენით. მეორე მხრივ კი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა“, – დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ ამ კომპონენტების უსაფრთხოების, მიმზიდველობის და ეკონომიკური სტაბილურობის სწორ კომბინაციას ქმნის დიპლომატია, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება საერთაშორისო ასპარეზზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები