მარიამ ქვრივიშვილი: „ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია”
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე”.
„ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია. ვაპირებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2029 წლის დასაწყისში, შესაძლებელია 2028 წლის ბოლოსაც კი ჩავუშვათ და ის ძალიან დიდ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასევე, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ განხორციელდეს უფრო მეტი საქონლის ტრანზიტი და გადაზიდვა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რადგან ხდება ზღვის ფსკერის დაღრმავება. მინისტრის ინფორმაციით, პროექტში ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ დიდი თანხაა ჩადებული.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა სხვა მსხვილი პროექტების მიმდინარეობაზეც ისაუბრა, მათ შორის ტრანსპორტის სექტორში. მინისტრმა თბილისის ახალი აეროპორტის პროექტზე გააკეთა აქცენტი.
„მნიშვნელოვანი ინიციატივაა თბილისის ახალი აეროპორტის გახსნა, ვინაიდან იხსნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და რა თქმა უნდა, ეს ეხება ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს, მზარდ სექტორებს. ვითარდება სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორები – ეს დარგები ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა, დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკაში და აჩვენებენ დიდ ზრდას როგორც ყოველწლიურად, ასევე კვარტალურად. ხაზგასასმელია, რომ იზრდება მგზავრთა ნაკადი, ქვეყანაში გვაქვს სამი საერთაშორისო აეროპორტი, გავაკეთეთ შეფასება, ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა და საუბარია დედაქალაქში, ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომლის გამტარუნარიანობა 20 მილიონი იქნება. ჩვენი შეფასებით, აეროპორტის ოპერირება 2032 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა მომხსენებლები არიან ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზია) იანგმინგ იანგი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ოსმან ბოირაზი.