სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა მალხაზ კობაურის ​დაცვაზე უარი განაცხადა

ადვოკატმა დავით გირგვლიანმა ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.
“საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება: ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზი კობაურის ინტერესებს. ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ,რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი, მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს, ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემ გარეშე! ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც თბილი სიტყვებისთვის, ასევე, კრიტიკული ოპონირებისათვის. მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას,თუმცა ვრჩები ჩემი ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული! სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ”, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.
ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტი გაუპატიურებულია, მისი შვილი კი მოკლულია თოფის მიბჯენით. ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომელიც “ქრონიკამ” მოიპოვა. დასკვნის თანახმად, ლორა სმიტის სხეულიდან ამოღებულია ბრალდებულ მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი. უფრო კონკრეტულად კი, ლორა სმიტის უკანა ტანიდან აღებულ ნაცხში გენეტიკური პროფილი შერეულია, სადაც ერთი წილი ეკუთვნის მალხაზ კობაურს და მეორე წილი – ლორა სმიტს.
“ეს არ არის საბოლოო დასკვნა, უახლოეს მომავალში, მზად იქნება კომპლექსური დასკვნის შედეგები და გამოძიება დამატებით დეტალებს შეიტყობს”,- წერია ექსპერტიზის დასკვნაში.
ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. რადიკალურად განსხვავებულია ხადას ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.
ცნობისთვის, 7 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეები – ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით, იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით, 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები