სასამართლო ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს მიმართ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, სასამართლოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. დ.ღ.-ს ბრალად ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. საქმე ეხება 2017 წლის 1 დეკემბერს ა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ბრალდებული უშუალოდ შეესწრო. დ.ღ.-მ გამოძიებას და სასამართლოს, განზრახ არასწორი ინფორმაცია არაერთგზის მიაწოდა, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას.

დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და მოწმეებზე ზემოქმედების მაღალი რისკები. სწორედ აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 აგვისტოს გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები