ქეთევან ციხელაშვილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე: სარჩელი რეალურად შედის სწორედ რუსეთის წინააღმდეგ

„არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე კერძო თუ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, ყველა შემთხვევაში, რუსეთის, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გულისხმობს”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისა და ადვოკატებისთვის რუსეთის გენერალური პროკურატურიდან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„სარჩელი რეალურად შედის სწორედ რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელია წერილი, რომელიც კერძო სარჩელის მომზადების პირობებში მიიღო ორგანიზაციამ, რომელიც ოჯახს ეხმარება ან პასუხები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ზოგადად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თუ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიის შემდგომ, მისი გადმოსვენების პერიოდში, თითქოს, რუსეთს ამასთან არ აქვს არანაირი კავშირი. ყველა შემთხვევაში, პასუხისმგებელი მხარე იქნება რუსეთი, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმხორციელებელი, ასევე, სახელმწიფო, რომელსაც აქვს ვალდებულება, პასუხი აგოს მოქალაქეების უსაფრთხოების და უფლებების შელახვაზე და დარღვევაზე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ეს იმ რეალობის გამოხატულებაა, რომელშიც საქართველო განგრძობადი ოკუპაციის პირობებში იმყოფება და რომელზეც რუსეთის გარდა, მთელი მსოფლიო საუბრობს.

„რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

ცნობისათვის, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი მათ საქმიანობაში არ ერევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები