საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალურია თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების საკითხიც. საჯარო სამსახურის შესახებ დღეს მოქმედი კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველა საჯარო მოხელე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ცხადდება და ისინი კონკურსის წესით უნდა დაინიშნონ, რის გამოც პრაქტიკულად ყველა თვითმმართველობაში უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია.
კოალიციის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა. „ჩემი ინიციატივაა, შევიდეს ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. ამ ცვლილების შედეგად საჯარო მოხელეებს არჩევნების შემდეგ აღარ დაითხოვენ სამსახურიდან. შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად მიიღებენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი აღნიშნავს, რომ რეოგრანიზაცია უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და კანონის შესაბამისად. მუნიციპალიტეტებისათვის კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა განისაზღვროს საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებში მაღალი კვალიფიკაციის საჯარო მოხელეების არსებობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ინიციატივით უმრავლესობას წინა კვირას მიმართა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესაბამის ცვლილებებს კენჭს პარლამენტი დღეს უყრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები