ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა

საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტი, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა.

ღონისძიებას 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. საპარლამენტო ღიაობის დღე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა.

„ჩვენი მიზანია, საქართველოს პარლამენტი ინსტიტუციურად გაძლიერდეს, გახდეს ერთერთი მთავარი რგოლი საქართველოს მთავრობის მთლიან სისტემაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას წარმატებით მივაღწევთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღია მმართველობის პარტნიორობისმიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე, საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მიღწევებზე, ასევე, სამომავლოგეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ უფრო მეტი რეფორმა უნდა განვახორციელოთ რათა კიდევ უფრო გავზარდოთ, გავამყაროთპარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა. ასევე, ჩვენი ვალდებულება – ზედამხედველობის ფუნქციაც განვახორციელოთ გამჭვირვალობის და ღიაობის უზრუნველყოფის კუთხით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან რამდენიმე მიღწევაც დაასახელა, რომელიც საქართველოს პარლამენტს ღია მმართველობის მიმართულებით აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღიაობა,გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტის ახალრეგლამენტზე, რომლის მიზანიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაა.ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც უკვე გვაქვს, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც მივაღწევთ და შევასრულებთ იმ ამბიციურ გეგმებს, რომლებიც დაგეგემილი გვაქვს დაწარმატებით დავასრულებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით“, – განაცხადა პარლამენტისთავმჯდომარემ. კონფერენციაში მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა. „ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები, თუ როგორ უზრუნველვყოთ საუკეთესო გამოცდილებების გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობების განხორციელება. სხვადასხვა წარმომავლობისა და პროფესიის ადამიანები იმედებს ამყარებენ ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაზე, რათა მთავრობები გახდნენ უფრო ანგარიშვალდებულები, უფრო თანმიმდევრულები იმ ინტერესებთან მიმართებაში, რომელიც საზოგადოებას გააჩნია“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

მისი ინფორმაციით, ღია პარლამენტის ინიციატივას არაერთმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, რათა ხელი შეეწყოს მთავრობის ღიაობას. „ღია პარლამენტი ხელს უწყობს იმ ფუნდამენტური პრინციპის მიღწევას, რომლითაც იქმნება მდგრადი განვითარება. ღიაობა და გამჭვირვალობა მმართველობის პროცესში იცავს როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეების, ასევე მოწყვლადი მოსახლეობის ინტერესებს და მათ ჩართულობას. ის ხელს უწყობს მმართველობების და მთავრობების გაძლიერებას და იმ გამოწვევების გადალახვას, რომელიც შეიძლება ხელს გვიშლიდეს წინსვლასა და განვითარებაში. ამ ინიციატივას ხელს უწყობს ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში – გაერო, GIZ, გაეროს განვითარების პროგრამა და სხვები“, – აღნიშნა ნილს სკოტმა. მისი თქმით, საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გასაზიარებელი მსოფლიოსათვის საკუთარი გამოცდილების თვალსაზრისით. „დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც – საქართველოს, სხვა ქვეყნებსაც, ეს სამიტი ხელს შეუწყობს ღია და გამჭვირვალე კანონმდებლობაზე გადასვლაში,“, – განაცხადა მოდერატორმა.

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) აღმასრულებელმა დირექტორმა, სანჯეი პრადჰანმა, პარლამენტის ინსტიტუციის მნიშვნელობასა და მისი საქმიანობის პროცესში ღიაობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ასევე სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, კორუფციის აღმოფხვრის გზებსა და საშუალებებზე გაამახვილა ყურადღება. „OGP მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, იყონ მთავრობის თვალი და ყური, რათა შეძლონ ბიუჯეტის მონიტორინგი, კორუფციის მონიტორინგი, რაც, თავის მხრივ, მთავრობასა და პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ მოემსახურონ მოქალაქეებს. ამგვარად, OGP არის რეპრეზენტატიული დემოკრატია, ეს არის მოქალაქეების პირდაპირი მონაწილეობა“, – განაცხადა სანჯეი პრადჰანმა.

მან ამ პროცესში პარლამენტების უფრო სიღრმისეული ჩართვის გზებზე ისაუბრა. „პირველ რიგში, ჩვენ ველით, რომ თქვენ მიიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობას. სამოქმედო გეგმების 23%-ში ნაგულისხმევია საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა. უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ის გლობალური ნორმები მთელ ქვეყანაში, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. 47 ქვეყანა მიიღებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალ კანონმდებლობას. უნდა გაძლიერდეს ინსტიტუციები, რომელიც ამ ყველაფერს შეუწყობს ხელს. ქართული მაგალითი არის ამ მხრივ საუკეთესო. თქვენ უნდა იმუშაოთ OGP-ს წევრებთან ერთად და დაამკვიდროთ ახალი სტანდარტები დემოკრატიაში. ეს არის პარლამენტის ეფექტურობა და ღია მთავრობა. ეროვნულ დონეზე ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ ეს გრძელვადიანი გახდეს და მოხდეს მთავრობების პოლიტიკური გარდაქმნა“, – მიმართა სანჯეი პრადჰანმა დამსწრე საზოგადოებას.

კონფერენციაში მონაწილეებს ვიდეო გზავნილით მიესალმა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჰაიდი ჰაუტალა. მისი თქმით, ღია მმართველობა არის ყველაზე ძლიერი ძალა საზოგადოებების ტრანსფორმირებისთვის. „ტრანსფორმირება აუცილებელი და საჭიროა. ჩვენ უფრო კარგად უნდა მოვახერხოთ მსოფლიოში ცვლილებების განხორციელება“, – განაცხადა ჰაიდი ჰაუტალამ.

მისი თქმით, არსებობს რეფორმების საკვანძო ინსტრუმენტები. „მაგალითად სომხეთში მშვიდობიანი რევოლუცია. ახალმა მთავრობამ აიღო ვალდებულება ითანამშრომლოს ღია მმართველობის პარტნიორობასთან. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ გამჭვირვალობისათვის“, – განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, ევროპული პარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა გამჭვირვალობას. ჰაიდი ჰაუტალამ ასევე, ისაუბრა სიახლეებზე. „ჩვენ ვაქვეყნებთ იმ ადამიანების და იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, ვისთანაც გავიარეთ კონსულტაციები კანონპროექტის მომზადების ეტაპზე და ეს გახდა სავალდებულო. ეს არის კარგი შესაძლებლობა გამჭვირვალობის ხელშესაწყობად“, – აღნიშნა ჰაიდი ჰაუტალამ.

მან ყურადღება გაამახვილა ინტერესთა კონფლიქტის, როგორც კორუფციის ერთ-ერთი წყაროს აღმოფხვრის აუცილებლობაზე. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, მთავრობაზე პარლამენტის საზედამხედველო კონტროლის მნიშვნელობას. „მე დარწმუნებული ვარ ამ სამიტის შემდეგ პარლამენტები გააგრძელებენ წარმატებულად მუშაობას. ხოლო მე ველი საუკეთესო შედეგებსა და გამოცდილების გაზიარებას“, – აღნიშნა ჰაიდი ჰაუტალამ.
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ელჩის, ჰელენ კლარკის განცხადებით, OGP იძლევა იმ პარადიგმას, რომელიც საჭიროა ისეთი პროცესების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, როგორიცაა ტრანსფარენტულობა, გახსნილობა, თანამშრომლობა და განაწილება. „ხელი უნდა შევუწყოთ გამჭვირვალობას, ეთიკურობას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ გავაადვილოთ კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ჩილეს, კოსტარიკას, გვატემალას, პარაგვაის ძალიან კარგი სამოქმედო გეგმა აქვს. „დღესდღეობით პანამერიკაშიც გვაქვს ისეთი გამოწვევები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმ გამოცდილების გაზიარების მექანიზმებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც სხვა ქვეყნებს გამოადგებათ, რათა რეალობად აქციონ ღია პარლამენტი“, – აღნიშნა ჰელენ კლარკმა.
სენატორმა, ბლანკა ოველარმა, „ParlAmericas” ღია პარლამენტების ქსელის პრეზიდენტმა, ახალი ზელანდიის გამოცდილება გააცნო აუდიტორიას. „ჩვენ ძლიერი ინსტიტუტები გაგვაჩნია და პარლამენტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტია, რომელიც ხალხის ხმას წარმოადგენს. ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს პარლამენტში, ახალ ზელანდიაში. ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნებისმიერი ხარვეზი, რაც სამთავრობო დონეებზე ხდება, აუცილებლად განიხილება პარლამენტის მიერ და პარლამენტი ყოველთვის ღიაა, რათა მოუსმინოს ნებისმიერი მოქალაქის განაცხადს ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით. თუმცა მოქალაქეებს ამისათვის პარლამენტში მოსვლა არ უხდებათ, თვითონ პარლამენტი მიდის მათთან. მნიშვნელოვანია, ასევე, პარლამენტის მიერ ქვეყნის ბიუჯეტზე ზედამხედველობა“, – განაცხადა ბლანკა ოველარმა. საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები – ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები