მცხეთაში ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის გადასატუმბ სადგურს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მცხეთაში ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის გადასატუმბ შუალედურ სადგურს   კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი სადგურმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის  11 მაისის ბრძანებით მიიღო.
ბაქო-ბათუმის ნავთობპროდუქტების სადენის მშენებლობა 1897 – 1907 წლებში ცნობილი კონსტრუქტორისა და მეცნიერის ვ.გ.შუხოვის პროექტით განხორციელდა. მისი სიგრძე იმდროისათვის მსოფლიოში უგრძესი იყო (835 კმ., მილის დიამეტრი d- 200 მმ. ტრასაზე 16 შუალედური გადასატუმბი ქვესადგურით . აიგო ნავთის გადასატუმბად).
ერთი ქვესადგური მცხეთასთან აიგო მომსახურეთათვის ორი საცხოვრებელი სახლით, საცხოვრებელი მასალითა და ხუროთმოძღვრული ნიშნებით ქვესადგურის სტილს იმეორებს. სახლებს დღესაც საცხოვრებლად იყენებენ (გვიანდელი არაერთი მიშენებითა და გადაკეთებებით ).
ქვესადგურის სწორკუთხა გეგმისა იყო, გარე ზომებით 33.00 X 17,5 მ. ცოკოლო და სარდაფი მყარი ტუფის ნაშალი ადგილობრივი ქვის დიდი კვადრებითაა ნაგები. კედლები კარგად გამომწვარი ღია სეპიიფერი აგურითაა ამოყვანილი, კარნიზები და „მაშიკულის“ მაგვარი დეკორატიული მოტივები მოწითალო ფერის აგურითაა გამოყოფილი (კედლების სისქე 75 სმ-ია). გრძივი კედლები რვა-რვა კონტრფორსითაა გამყარებული (ნაშვერია 50 სმ. და კედლის სიმაღლის 2/3 აღწევს). ფასადები აგურის ჭადრაკისებული ან ხერხულა წყობით გამოყვანილი დეკორითაა გაცოცხლებული. ფასადებზე მეტალის ჩამოსხმული წრიული დისკოებია ჩასმული.
სარდაფში (სიმაღლე სავარაუდოდ 2.25- 2.40 მ.) ნავთობის გასაცხელებლად მოწყობილი აგურის საკმაოდ დიდი 12 შეწყვილებული ღუმელი დღესაცაა. ვლადიმერ შუხოვმა მის მიერ შექმნილი ფრქვევანას (форсунка-ს ) გამოყენებით პირველმა დანერგა თხევადი საწავის ჩირაღდნისებური წვით მაზუთის გაცხელება-გათხევადება და მილსადენით გატარება. მანვე, რუსეთის იმპერიაში პირველმა, დანერგა ნავთობისათვის მოქლონებით ნაჭედი დიდი ტევადობის რეზერვუარის აგება. ასეთი დიდი ტევადობის რეზერვუარი მცხეთის ნავთობგადასატუმბ სადგურთანაც იყო, მაგრამ 1992 წელს „დაიკარგა“.
1962 წელს აქ ამუშავდა კავშირგაბმულობის ხელსაწყოების (Пром. свиязь -ის) ფაბრიკა.
სადგურის დარბაზი ორსართულიან საამქროდ გადაკეთდა (ქვედა საამქროს სიმაღლეა 3.87 მ. ზედა სააქროს სრული სიმაღლე 6.27 მ. ), დაემატა მცირე ზომის ლიფტი და მეორე სართულზე ასავლელი ორმარშიანი კიბე.
სადგური წინ (ჩრდილოეთით) ფაბრიკისთვის აიგო ოთხსართულიანი ადმინისტრაციული შენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები