მამუკა ხერხეულიძეს ოპერაცია უტარდება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მწერალ მამუკა ხერხეულიძეს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. როგორც ექიმმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს.მისივე თქმით, პაციენტს აღენიშნება ძვლების მოტეხილობები წვივისა და ბარძაყის არეში.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან შეკრებილები მამუკა ხერხეულიძის ოჯახის წევრები და ახლობლები. როგორც ისინი აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით ისინი არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.
„პაციენტი მოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. მას აღენიშნებოდა მარჯვენა ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე პაციენტს აღენიშნება წვივის ძვლების და ბარძაყის დამსხვრეული მოტეხილობა. შემოსვლის დროს პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური. ამჟამად მას ოპერაცია უტარდება“ , – განაცხადა თეა თავართქილაძე.
შეგახსენებთ, რომ მწერალი მამუკა ხერხეულიძე პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „ანტრეში“ დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
„კვირას“ ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხის არეში აქვს მოხვედრილი. როგორც „კვირას“ „ანტრეს“ მენეჯერმა განუცხადა, მამუკა ხერხეულიძე კაფეში მარტო იმყოფებოდა.
„მამუკა ჩვენი კაფის ხშირი სტუმარია, რადგან მეზობლად ცხოვრობს. ის მარტო იყო შემოსული. ყავა და წყალი აიღო და გარეთ მაგიდასთან დაჯდა. ზუსტად რა მოხდა, ჩვენ ვერ დავინახეთ, ერთ-ერთმა კლიენტმა დაჭრილი ხერხეულიძე შიგნით შემოიყვანა, მას ფეხიდან სისხლი სდიოდა.
ინციდენტის შემდეგ მისი მეუღლეც მოვიდა. ხერხეულიძე ბოლომდე კონტაქტური იყო, მას გონება არ დაუკარგავს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განუცხადა „კვირას“ „ანტრეს“ მენეჯერმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, საქმე აღძრულია სსკ-ის 118-ე მუხლით.